ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს, 37 წლის გრიგოლ ნარსიას სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 20 სექტემბერს მომხდარ თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით იძიებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
323-ე მუხლი გულისხმობს ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარას - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
329-ე მუხლი ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
გრიგოლ ნარსია დაახლოებით ცხრასაათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, 14 მძევალი კი გაათავისუფლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მამაკაცი ბანკში დაახლოებით 11 საათზე შეიჭრა. მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ის 2 მილიონ აშშ დოლარს და ვერტმფრენსა ითხოვდა. თავდამსხმელი საკუთარ მოთხოვნებსა და მუქარას, პერიოდულად, მძევლების მიერ გადაღებული ვიდეოების საშუალებით ავრცელებდა. თავდაპირველად, მან პირობების შესასრულებლად პოლიციას სამი საათი მისცა. ეს ვადა დაახლოებით 15:00 საათზე უშედეგოდ ამოიწურა. მძევლები ამობდნენ, რომ თავდამსხმელს ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა დამონტაჟებული და აფეთქებით იმუქრებოდა.
ბანკზე თავდასხმიდან დაახლოებით ექვს საათში ქუთაისში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მან ბანკის მიმდებარე ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
ბანკებზე შეიარაღებული თავდასხმის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა. 2020 წლის 21 ოქტომბერს, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 32 წლის ბადრი ესებუა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ესებუა 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითხოვდა. მოთხონების დაკმაყოფილების შემდეგ, ბანკის შენობა სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა. ისინი ზუგდიდიდან გვიან ღამით ავტომობილით გაემგზავრნენ, რის შემდეგაც ესებუა მიიმალა. ყოფილმა მძევალმა ლაშა შენგელიამ თქვა, რომ სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაუშვეს. პოლიციას ბადრი ესებუა დღემდე არ დაუკავებია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„ჩემზე ძალიან არავის უნდა, რომ ბადრი ესებუა დავიჭიროთ. გავიდა წელიწადნახევარი. მას არ მოუკლავს არავინ და არ დაუჭრია, თუმცა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ ყველანაირად, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 2022 წლის მარტში, პარლამენტში გამოსვლის დროს.
ოპოზიცია ესებუას საქმის გამო შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვდა.
- 2020 წლის 22 ოქტომბერს, ქობულეთში, „საქართველოს ბანკის“ ინკასატორი დააყაჩაღეს.
- ამავე წლის 20 ნოემბერს, თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალში“ 31 წლის ლევან ზურაბაშვილი, სათამაშო იარაღით შეიჭრა და 3 მოთხოვნა წამოაყენა: აიკრძალოს აზარტული თამაშები; ბანკებმა ყველა სახის სესხის წლიური განაკვეთი შეამცირონ 7%-მდე; შემცირდეს წამლების ფასი და ფარმაცევტულ კომპანიებს აეკრძალოს 10%-ზე მაღალი წლიური მოგება. ბანკში მყოფი 19 ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ ზურაბაშვილს ხელყუმბარა ეჭირა. სასამართლომ მას 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
- 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა;
- 2021 წლის 11 სექტემბერს, ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 49 წლის შალვა მელიქიშვილი შეიჭრა და 6 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა მისთვის 500 000 ლარი და 500 000 აშშ დოლარი გადაეცათ და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლეს.
- 2021 წლის აპრილში „საქართველოს ბანკის“ ფილიალები ორჯერ დააყაჩაღეს თბილისში - სამგორსა და აფრიკაში.
- 2022 წლის 10 ივნისს, თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალზე.