ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საჭმელში ჩაფურთხება „ლიეტუვური საქციელია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს ასეთ რაღაცაში გამარჯვების ისტორია აქვთ“, - დაწერა ლანდსბერგისმა პლატფორმა X-ზე.
შალვა პაპუაშვილმა ლიეტუველები მოსამართლეთა კორპორატიული წვეულების პარალელურად მიმდინარე პროტესტის კონტექსტში ახსენა. 12 დეკემბერს, მოსამართლეები, მათ შორის, ე.წ. კლანის წევრები რესტორან „ბაბილოში“ შეიკრიბნენ, სადაც მათ სამოქალაქო აქტივისტები და პროევროპული დემონსტრაციების დროს დაკავებული, პატიმრობამისჯილი მოქალაქების ოჯახის წევრები დახვნენ. აქციის რამდენიმე მონაწილეს ხელში ეჭირა ბანერი რესტორნის პერსონალისადმი მოწოდებით - „ჩაუფურთხე“.
„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა.
ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“, - დაწერა პაპუაშვილმა Facebook-ზე.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატრიის“ თანამშრომლისა და ყოფილი პარლამენტარის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით საკუთარი თავის, როგორც „ოკუპანტის“, იდენტიფიცირება მოახდინა. კანდელაკი განმარტავს, რომ საბჭოთა ოკუპანტებისთვის საჭმელში ჩაფურთხება გავრცელებული პრაქტიკა იყო არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ ესტონეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში.
„ბიძინას ეს კლოუნი სრულიად სწორედ აიდენტიფიცირებს თავს ოკუპანტებთან. თან ამას სწორედ 13 იანვარს აკეთებს - ამ დღეს, 1991 წელს საბჭოთა ჯარებმა სისლის კალო რომ დაატრიალეს ვილნიუსში და გოგოები ტანკებით გაჭყლიტეს. ეს მართლა საბჭოთა არარაობა.
თან ვის ეუბნება ამას - ლიტველებს, რომლებმაც საბჭოთა ბოროტებას თავი არასდროს დაუხარეს, მათ შორის ყველაზე უიმედო დროს. ათიათასობით ლიტველი 1950-იან წლების შუამდე შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა ბოროტების იმპერიას“, - ასე გამოეხმაურა კანდელაკი პაპუაშვილს.
რესტორან „ბაბილოსთან“ აქციაზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. მოსამართლეებს წვეულების შემდეგ სახლში წასვლა მშვიდად რომ შესძლებოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იქ ასობით თანამშრომელი განალაგა. რესტორანთან იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი (იგივე „ხარება“) და საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც.
თბილისში თითქმის 50 დღეა უწყვეტად გრძელდება საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. მრავალათასიანი გამოსვლები 28 ნოემბერს დაიწყო - მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. მშვიდობიანი აქციების დარბევის შემდეგ, ლიეტუვამ ერთ-ერთი პირველმა დაუწესა სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებს. 25 პირს შორს, ვისაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალა, არიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილეები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.