საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად, არის მოკლევადიანი. საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.
ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 15 მაისს, ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. ერთ დღეში, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარიდან 2.7323 ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც: 1 ევროს ღირებულება 2.9577 ლარით განისაზღვრა, მაშინ, როდესაც წინა დღის ოფიციალური კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. ამ დროისთვის საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.83 ლარად არის შესაძლებელი, ევრო 3.09 ლარად.
ლარის მკვეთრად გაუფასურდა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე ფასი დაეცა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, 14 მაისს, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. ექსპერტების განმარტებით, ბაზარზე აჟიოტაჟის მიზეზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაანონსება და საქართველოსთვის დახმარების შესაძლო შეჩერების შესახებ განცხადებებიც გახდა.
„ეროვნულ ბანკი მაისის დასაწყისშივე უნდა მიმხვდარიყო, რომ პანიკა მოხდებოდა „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ. დააგვიანა. თუ რამდენიმე მილიონი დოლარის ნაწილ-ნაწილ გაყიდვით (ან ორი ათეული მილიონი დოლარის) შეეძლო ლარის და კურსის მკვეთრი რყევების თავიდან აცილება, დღეს უკვე დიდძალი რეზერვების დაკარგვის ფასად მოუწევს ეს“, - ამბობს პარლამენტის წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის თქმით, ეროვნული ბანკის განცხადება რამდენიმე ტყუილს შეიცავს.
„ეროვნული ბანკი ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ტყუილია. 30 აპრილს რეზერვები იყო 4.8 მლრდ დოლარი, რაც 11%-ით (623 მლნ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე. თუ მხოლოდ უცხოურ ვალუტას ვნახავთ (რისი გამოყენებაც ხდება ლარის კურსის სტაბილურობისთვის), ვალუტის რეზერვები 3.8 მლრდ დოლარია. აგვისტოში 1.1 მლრდ დოლარით მეტი, 4.9 მლრდ იყო.
ეროვნული ბანკი ამბობს იმასაც, რომ სტაბილურია საგარეო შემოდინებები, რაც ასევე ტყუილია. ფულადი გზავნილები, რაც საქართველოში ვალუტის შემოსვლის მნიშვნელოვანი წყაროა, იანვარ-აპრილში 33%-ით (542 მლნ დოლარით) შემცირდა (გასულ წელთან შედარებით). კლების მიზეზი რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებაა, ევროპიდან და აშშ-დან გზავნილები მზარდია. ასევე, იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი შემცირდა 10%-ით და შედეგად სავაჭრო დეფიციტი 467 მლნ დოლარით გაიზარდა“, - აცხადებს ნამჩავაძე.