ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის - Bank of Georgia Group-ის, Georgia Capital-ისა და TBC Bank Group-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ასევე, ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. ამ დროისთვის „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.90 ლარად არის შესაძლებელი.
ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით დავარდა, ხოლო სს „საქართველოს კაპიტალის“ - 8%-ით.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ სამმა კომპანიამ უკვე დაახლოებით 2 მილიარდი ლარი დაკარგა. ის შექმნილ ვითარებას „კატასტროფას“ უწოდებს.
„გუშინ დაინახეს, რომ საქართველო იზოლაციისკენ მიდის და ეს აისახა ლონდონის საფონდო ბირჟაზე“, - აღნიშნავს რუხაძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის თქმით, ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა 14 მაისს, საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის დამტკიცებიდან მალევე დაიწყო.
„ცხადია, ეს დაკავშირებულია რუსული კანონის მიღებასთან. სხვა რაიმე მიზეზი არ ყოფილა. კანონი მეორე მოსმენით რომ მიიღეს, მაშინაც იყო ვარდნა, მაგრამ ასეთი არა. როგორც ჩანს, ინვესტორებს მაინც ჰქონდათ შემორჩენილი იმედი, იქნებ, ბოლომდე არ მიეღოთ ეს კანონი და აკვირდებოდნენ.
გარდა ამისა, გუშინ, აშშ-ის მხრიდან გაკეთდა უფრო კონკრეტული განცხადება სანქციებთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებელი პირები და მათი ოჯახის წევრები, შესაძლოა, დასანქცირდნენ. ასევე, საქართველოს შეუჩერდეს დახმარებების მიღება. სწორედ ამან შექმნა ინვესტორებში ის განწყობა, რაც დღეს სახეზეა - იშორებენ „თიბისის“, „საქართველოს ბანკის“ და „ჯეოკაპიტალის“ აქციებს.
ინვესტორებისთვის საქართველო აღარ არის სტაბილური. მოელიან, რომ ამ ბანკებს ექნებათ რაღაც პრობლემები, შეუმცირდებათ მოგება და ა.შ. ამიტომაც ურჩევნიათ გაყიდონ აქციები და ეს იწვევს ფასების ვარდნას.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასული წლის სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა მიიღო ახალი წესი და ქართულ ბანკებს აუკრძალა უცხოურ სანქციებზე მიერთდება, თუ საქართველოს მოქალაქე დასანქცირდება, ვიდრე ამას ჩვენი სასამართლო არ გადაწყვეტს. ახლა როცა ათობით ადამიანი შეიძლება დასანქცირდეს, ქართული ბანკები აღმოჩნდებიან ცუდ სიტუაციაში, მიუერთდნენ თუ არა ამ სანქციებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ მდგომარეობას“, - ამბობს ნამჩავაძე.
ექსპერტები ლარის გაუფასურებასაც რუსულ კანონს უკავშირებენ. „ერთ დღეში ლარი დოლარის მიმართ სულ მიცრე 6 თეთრით არის გაუფასურებული. ესეც დაკავშირებულია აჟიოტაჟურ სიტუაციასთან. ვისაც ფული აქვს, მოელის, რომ ამ ქვეყანაში საქმე უფრო ცუდად იქნება, მათ შორის, ეკონომიკაში. მათ ურჩევნიათ ლარი მოიშორონ და დოლარი იყიდონ“.
„ბირჟა ასეთია - ხან ზევით მიდის, ხან ქვევით“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე. მისი თქმით, ქართული კომპანიების აქციები სხვადასხვა დროს, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და კოვიდპანდემიის პერიოდშიც უფასურდებოდა, თუმცა დღეს „ფუნდამენტური პრობლემა“ არ არსებობს, გავა პერიოდი და აქციების ფასი ისევ გაიზრდება.
„იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც ქვეყანას უკვე შეექმნა და მომავალში შეექმნება, საქართველოს მოსახლეობა იგრძნობს. პაატა კვიჟინაძე ამას არ იგრძნობს. ის ისევ ისე აიღებს ხელფასს, შეძლება გაზრდილ პრემია-დანამატსაც. მისი ცხოვრება არ გაუარესდება ფინანსურად, არც იმ 84 დეპუტატის და მთავრობის წევრების. საქართველოს მოქალაქე კი სამსახურს დაკარგავს, ვიღაცას ხელფასი შეუმცირდება, ვიღაც სესხს ვეღარ აიღებს და ა.შ. იმ ხალხს, ვისაც ახლა ბანკში დანაზოგი ლარში აქვთ, ეშინიათ, რომ მათი ფული ყოველ საათში ფუჭდება.
თუ აჟიოტაჟი ქვეყნის შიგნით ბაზარს გადმოედება, ბანკებთან მივა ხალხი და ფულის გამოტანას ეცდება. ეს კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, ბანკების სტაბილურობა და მათი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. აქამდე შეიძლება არ მივიდეს სიტუაცია, ეროვნული ბანკი ეცდება რომ ჩაერიოს და დაეხმაროს ბანკებს, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარი ეს არის“, - გვითხრა ბესო ნამჩავაძემ.
ექსპერტების დაკვირვებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასის ყველაზე დიდი ვარდნა 2023 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მას შემდეგ, რაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ქართული ბანკებისთვის შექმნილი პრობლემაც მოიხსნა.
თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ მოიყვანს, გააგრძელებს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას, არ არის გამორიცხული შეერთებულმა შტატებმა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და რუსული კანონის მხარდამჭერ 84 დეპუტატს დაუწესოს.