საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიის გაუქმების პროცესი თვითონ სახელმწიფომ დაიწყო და გაუგებარია რას ემსახურება თბილისში აჟიოტაჟის მოწყობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ტყის გაყიდვა არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში! სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის გაუქმების პროცესი კი, თვითონ სახელმწიფომ დაიწყო პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც რამოდენიმე კვირის წინ დაანონსა სამინისტრომ! გაუგებარია რას ემსახურება, მორიგ ჯერზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ცრუ ინფორმაციების ისტერიული ტირაჟირება და დედაქალაქში აჟიოტაჟის მოწყობა!“, - ასე გამოეხმაურა ბითაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის წინ 18 ნოემბერს დაწყებულ აქციას, რომელსაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მართავს.
მოძრაობა ითხოვს გაუქმდეს რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის, დავით ხიდაშელისთვის მიცემული ლიცენზია, რომლის ფარგლებშიც მას სპეციალური სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საბაბით 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადაეცა. ამ მოთხოვნით მოძრაობის აქტივისტები ბოლო ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებს ჯერ ონში მართავდნენ, მერე კი ამბროლაურში, სადაც კარავი მერიის შენობის წინ ჰქონდათ გაშლილი. აქციის მონაწილეებს შეხვდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და უთხრეს, რომ მიმდინარეობს ლიცენზიის გაუქმების პროცესი. ამ საკითხზე სამინისტრომ რამდენჯერმე საჯარო განცხადებაც გაავრცელა. ვარლამ გოლეთიანი და მოძრაობის სხვა წევრები მიიჩნევენ, რომ სამინისტრო თავისი განცხადებებით ხალხის დაბნევას და პროტესტის დასუსტებას ცდილობს. 18 ნოემბერს მათ რაჭიდან თბილისში გადმოინაცვლეს. აქციის ორგანიზატორებს სურდათ კარავი სამინისტროს ეზოში დაედგათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. კარავი არც სამინისტროს ეზოს გარეთ გააშლევინეს და დაამტვრიეს. დემონსტრანტების მიერ საავტომობილო გზის გადაკეტვის მცდელობის დროს 11 პირი დააკავეს, მათ შორის, ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი. დაკავებულები 24 საათის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავდათ. ისინი დღეს სასამართლომ გაათავისუფლა - ადვოკატების მოთხოვნით საქმის განხილვა 29 ნოემბრისთვის გადაიდო. სამინისტროსთან აქცია გრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ „არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად“. სამინისტროს ინფორმაციით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში.
მანამდე, 15 ნოემბერს, დავით ხიდაშელმა გაავრცელა განცხადება, რომ მან გაყიდა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ და შესაბამისად ლიცენზიაც.
„ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც. თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის“, - თქვა ხიდაშელმა. სამინისტრო ირწმუნება, რომ მათთან შეთანხმების გარეშე ლიცენზია ვერ გაიყიდება და ვერც გაჩუქდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დავით ხიდაშელის კომპანიას ლიცენზია 2022 წლის მარტში მისცა. ლიცენზიის პირობების თანახმად, ხიდაშელს რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში ევროპული ბიზონი, იგივე კავკასიური დომბა და კეთილშობილი ირემი უნდა მოეშენებინა და შემდეგ მათზე ენადირათ. რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირისთვის ნახევარი საუკუნით გადაცემული ტყეები მოიცავს რაჭის 79 და ქვემო სვანეთის 2 სოფლის გარშემო მდებარე ტერიტორიებს, ზედ ეკვრის რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს და საქართველო-რუსეთის საზღვარს.
„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ხიდაშელს ტყეები მრავალი კანონდარღვევით გადასცეს. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ხელისუფლებამ დოკუმენტებიც გააყალბა.
ეს გადაწყვეტილებები „მწვანე ალტერნატივას“ და რაჭის სათემო ორგანიზაციას სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და გაუქმებას ითხოვენ.