მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი ვარლამ გოლეთიანი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 10 პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ პროცესის გადადების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმეთა განხილვა 29-30 ნოემბერს დაიწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 4 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 5 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
„ჩვენი მხრიდან გადაცდომა არ ყოფილა. ხელების გადაგრეხვა სურთ. პროტესტი გრძელდება. ეს გათავისუფლება არის დროებითი. რა შედეგიც მოჰყვება, გაირკვევა 29-ში. სამინისტროს შენობასთან გავაგრძელებთ პროტესტს. თუ არ მოგვეცემა სამართლიანი ბრძოლის საშუალება, კარვის დადგმა იქნება ეს თუ სხვა, ვეცდებით ცოცხალი კორიდორი გავაკეთოთ ნებისმიერ ამინდში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა გათავისუფლების შემდეგ.
პოლიციამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები და ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი რატი რატიანი, სულ 11 პირი, 18 ნოემბერს, საღამოს, თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები თბილისში ჩამოვიდნენ რაჭიდან, სადაც ისინი ორი თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. მთავრობამ გასული წლის მარტში, მოსახლეობისგან სრულიად ფარულად, რაჭასა და ქვემო სვანეთში მდებარე 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორის, დავით ხიდაშელის კომპანიას შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ გადასცა. ლიცენზიის პირობების თანახმად, ხიდაშელს ამ ტყეებში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. „მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირისთვის ტყეების გადაცემა მრავალი კანონდარღვევით მოხდა. ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეები რაჭის 81 და ქვემო სვანეთის 2 სოფლის (ცანა-ზესხოს ხეობა) გარშემო მდებარე ტერიტორიებს მოიცავს. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ხელისუფლებამ დოკუმენტებიც გააყალბა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს კარვის გაშლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ აქტივისტებმა კარვის დადგმა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, თუმცა პოლიციელებმა მათ კონსტრუქცია წაართვეს და დაამტვრიეს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს. მოძრაობის აქტივისტის მაკა სულაძის თქმით, პოლიციელებმა ის ფიზიკურად ათრიეს, რა დროსაც სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს, კიდევ ერთ აქტივისტ ქალს კი კბილი ჩაუმტვრიეს.
დაკავებულებს თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გუშინვე შეხვდნენ ადვოკატები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი. რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულების ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციის მონაწილეების დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა. სახალხო დამცველმა მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.
„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტების აქცია სამინისტროს შენობის წინ გრძელდება.
„არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს - შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია“, - ამ განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვის სამინისტრო რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გამართულ აქციას.
„ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას - ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში. რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს, როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროსისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
15 ნოემბერს დავით ხიდაშელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის, თუმცა გაყიდა კომპანია - შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ და შესაბამისად, რაჭასა და ქვემო სვანეთის ტყეებზე მიღებული ლიცენზიაც. „ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც. თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა ხიდაშელმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს „მწვანე ალტერნატივას“ და რაჭის სათემო ორგანიზაციას ხიდაშელისთვის ლიცენზიის მიცემის გადაწყვეტილება სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და მის გაუქმებას ითხოვენ.