სამინისტრო აცხადებს, რომ ხიდაშელის კომპანიისთვის რაჭის ტყეების გადაცემა შეჩერებულია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის, დავით ხიდაშელისთვის რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეების 49 წლით გადაცემის საქმესთან დაკავშირებით. სამინისტრო აცხადებს, რომ ხიდაშელის კუთვნილი კომპანია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ სალიცენზიო პირობებით აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც ტყეების მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით მოთხოვნილი 97 276 ჰექტარი ტყიდან 20 540 ჰექტარი „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანებით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც.

კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 27 ივლისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დღეს არსებული მდგომარეობით სააპელაციო სასამართლოს დადგენილება წარმოდგენილი არ არის.

მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პირველად 19 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდაშელის კომპანიას დარღვევების გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, რომელიც 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

საპასუხოდ ხიდაშელმა თქვა, რომ სამინისტროს მისთვის ჯერ-ჯერობით მიწები (ტყეები) არ გადაუცია და შესაბამისად, კომპანია სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმასაც ვერ შეადგენდა.

„მთის ამბებმა“ 17 ივლისს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია. რაჭის ტყეები დავით ხიდაშელს მრავალი კანონდარღვევით გადაეცა - ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად. ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას. ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს,

18 ივლისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „მთის ამბებმა“ წერილობით გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი. სამინისტრომ გამოცემას მოთხოვნილი ინფორმაცია არ მიაწოდა, თუმცა საჯაროდ დაადასტურა, რომ გეგმა წარდგენილი არ იყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მთის ამბებს“ ასევე არ მიაწოდა ხიდაშელის კომპანიის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რის გამოც გამოცემამ უწყების წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა.

24 ივლისს, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ეს არის რუსული საქმე, ქვეყნის მტრობა და ღალატი - დეპუტატები რაჭის ტყეების გადაცემაზე

კანონი ხიდაშელის კომპანიაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ სამჯერ დააჯარიმებენ და ლიცენზიის პირობებს არ შეასრულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ ერთი წლის წინ მიმართეს სასამართლოს ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. საქმის განხილვა ჯერ დაწყებულიც არ არის.

7 სექტემბერს, რაჭის საზღვრისპირა სოფლების ჭიორას, ღების, გლოლის და ნიგავზების მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლითაც დავით ხიდაშელს რაჭის ტყეების გადასცეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.