თბილისის საქალაქო სასამართლომ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის აქციებზე დაკავებული „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სამართალდამრღვევებად ცნო. ორივე მათგანი 2500-2500 ლარით დაჯარიმდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ადვოკატ გიორგი ტაბატაძის განცხადებით, მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუას დადგენილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. გვაქვს უწყვეტი ვიდეომასალა, მათ შორის პარლამენტის შენობის კამერებიდან ამოღებული, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიციელები, რომლებმაც სასამართლოში ჩვენება მისცეს, დაკავების ადგილზე საერთოდ არ ყოფილან და რეალურად, ცრუ ჩვენება აქვთ მიცემული. მათი პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი“, - განაცხადა ადვოკატმა.
ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 7 მარტის აქციაზე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს. ისინი პოლიციისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას უარყოფენ.
ჯაფარიძის თქმით, უკანონოდ დაკავების შემდეგ 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უწყების ეზოში შეიყვანეს, სადაც ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს.
„სინამდვილეში, ეს საქმე არ არის ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე. ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. არავისთვის არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. პირიქით. იქ სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც (კადრებშიც ჩანს) მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ბავშვებს ჩამოვეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან. თან მიმათრევდა, თან მირტყამდა 5-6 ადამიანი. ჭიშკრის შიგნით (9 აპრილის ქუჩაზე ჭიშკარი რომ არის, საიდანაც გამოდიან ხოლმე) გააგრძელეს ჩვენი ცემა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. თავზე ნაჭდევები რაც მაქვს, ხელკეტებისგან მაქვს.
მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს არ დავამთავრებდი, ამას გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც საუბარი შევწყვიტე. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იყვნენ, ყველას ნიღბები ეკეთა, არავის სახე არ ვიცი, თვალები მახსოვს“, - ამბობდა ჯაფარიძე.
ოპოზიციური პარტიის წევრები 9 მარტს, წინასწარი დაკავებისთვის გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი პროცესი გადაიდო. ნიკა მოსიაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა ზურაბ ჯაფარიძესაც.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძისა და მოსიაშვილის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებით გამოირკვა, რომ მათი დაკავების ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა ტექნიკურად დაზიანებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-9 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციების 135 მონაწილე დააკავა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც. 133 პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით იყო დაკავებული. ორ დაკავებულს - ლაზარე გრიგორიადისს და თორნიკე აკოფაშვილს შსს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ამ საქმეებზე სასამართლო პროცესები ჯერ არ არის დასრულებული.