საქართველოს პარლამენტმა 19 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც მედიის კონტროლის მომეტებულ რისკებს ქმნის. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა ერთ კვირაში, საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა. უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებების თანახმად, თუ ახლა პროფესიული სტანდარტების დარღვევის შესახებ საჩივრებს მედია თავად განიხილავს, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ სიძულვილის ენისა და უხამსობის საკითხების განხილვის კომპეტენცია და შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებამოსილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება. ეს სანქციები შეიძლება იყოს გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში კი საჩივრდება, თუმცა მედიის ხელმძღვანელებს აღელვებთ ერთი მხრივ კომუნიკაციის კომისიის პოლიტიზება და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირები, ასევე სასამართლოს მიმართ დაბალი ნდობა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია მხოლოდ სიძულვილის ენის რეგულირებას შეეხებოდა. უხამსობის რეგულირების საკითხის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანა კანონპროექტს პირველი მოსმენის შემდეგ დაემატა. ეს ყველაფერი იმ პერიოდში მოხდა, როცა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი განიხილებოდა და მთელი ყურადღება ამ საკითხზე იყო გადატანილი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ევროდირექტივების შესრულების აუცილებლობით ხსნის. „პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა და სიტყვა-სიტყვით ისე იყო გაწერილი, როგორც ევროკომისიასთან კომუნიკაცია იყო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტში ასახულია ევროსაბჭოს რეკომენდაციები, შესაბამისად, მისი მიღებით შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, შეიქმნება ტერორიზმისაკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე და შესრულებულად ჩაითვლება 12-პუნქტიანი გეგმის მე-7 პუნქტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, განსაკუთრებულად აფართოებს კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს, ჩაერიოს მაუწყებლების პროგრამების შინაარსში და საქართველოში მედია ორგანიზაციების კონტროლისა და ცენზურის დაწესების საფრთხეს ზრდის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენის და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და იგი შესაძლოა სადამსჯელო ბერკეტად იქცეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ამიტომაც, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს პრეზიდენტს, საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, „უხამსობის“ ცნება არ არის დირექტივის ნაწილი და არ არის საჭირო ამის რეგულირება.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, თუ ევროკომისია მათ ოფიციალურად აცნობებს, რომ უხამსობის ცნება ევროდირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის მიხედვით მისი რეგულირების საჭიროება არ არსებობს, მაშინ მას კანონიდან ამოიღებენ.