„სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას არ სჭირდება დიპლომი“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ შეკითხვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
მდინარაძის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციით, პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის საარჩევნო ცენზებს შორის დიპლომი მოხსენიებული არ არის.
„პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის. ...
აგერ, ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ზეპარტიული ლიდერი იქნება და საქართველოს ინტერესებს მოემსახურება.
„ახლა დაიწყებენ „ანტიდასავლური რიტორიკა“ და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანი არის გარანტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს. ის მოემსახურება თავის სამშობლოს მისი პიროვნული, ქართული თვისებებიდან გამომდინარე. მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ის იქნება ზეპარტიული ლიდერი, რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ის დღეს. ... და მაქსიმალურად შეცდება, რომ გამაერთიანებელ თემებზე ჰქონდეს ორიენტირი, რაც ასევე მნიშვნელოვანია დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
53 წლის მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს. ამ მიზეზით მან 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ვერ მიიღო მონაწილეობა. მაშინ ყაველაშვილი ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში „წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო“.
2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში შევიდა, სადაც 8 წლის განმავლობაში ჯერ სანზონის, შემდეგ კი ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ეკავა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. პარლამენტის ვებ-გვერდზე დღემდე არ არის ატვირთული დოკუმენტი, რომელიც მის საშუალო ან უმაღლეს განათლებას დაადასტურებდა.
მიხეილ ყაველაშვილი ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერია. მან მხარი დაუჭირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს, რომლის მიღების შემდეგ ევროკავშირიში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის და „ხალხის ძალის“ სხვა წევრები, „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში იყვნენ. 25 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა უკანონოდ გამართა, ყაველაშვილი არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატად იქნა ცნობილი.
