ხმების 99.82%-ის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ იმარჯვებს. მას ხმების 55.40% აქვს, ხოლო მის კონკურენტს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრ სტოიანოღლოს - 44.60%.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ, ვინც ხმა მოლდოვის ტერიტორიაზე მისცა, მხარი სტოიანოღლოს დაუჭირა. მოქმედმა პროევროპელმა პრეზიდენტმა უპირატესობა საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველების ხმების წყალობით მოიპოვა. საზღვარგარეთ სანდუს ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 82.%-მა მისცა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მონაცემების გათვალისწინების გარეშე, სტოიანოღლოს ხმების 51% აქვს, სანდუს კი - 49%.
არჩევნების მეორე ტურში აქტივობამ 54% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 1 698 950 მოლდოველმა მისცა.
მაია სანდუმ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოლდოვამ „გაიმარჯვა“ და ქვეყნის მოქალაქეებმა ჩაატარეს დემოკრატიის გაკვეთილი, რომელიც ისტორიის წიგნებში ჩაწერას იმსახურებს.
„ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიის და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა. გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და მის ფარგლებს გარეთ. იარეთ სიამაყით - თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ ყველას გემსახურებით“, - დაწერა სანდუმ პლატფორმა X-ზე.
მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტად პირველად 2020 წელს აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის პერდიოდში მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა სანდუს პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცეს. ფონ დერ ლაიენის თქმით, იშვიათი სახის ძალა სჭირდება იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც მაია სანდუს ამ არჩევნებში შეხვდა. „მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებ თქვენთან მუშაობას მოლდოვისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ „დემოკრატიამ გაიმარჯვა ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე“. მისი თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვის გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე.
არჩევნებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. მაია სანდუსთვის გამარჯვების მილოცვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“.
„რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა... ჩვენს 1 000 000-იან ძლიერ დიასპორას ხელი შეეშალა და მხოლოდ 34 000-ს „დართეს ნება“, ხმა მიეცათ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
არჩევნების მეორე ტურის დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველმა, სტანისლავ სეკრიერუმ თქვა, რომ კენჭისყრა რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ჩარევის ობიექტი გახდა. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის მასიურ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში. ეს არის შედეგის დამახინჯების მაღალი პოტენციალის მქონე მცდელობა. ხელისუფლება მზადყოფნაშია“, - დაწერა სეკრიერუმ X-ზე. მისივე თქმით, რუსეთმა ორგანიზება გაუწია ბაქოში, სტამბოლსა და მინსკში ამომრჩეველთა ტრანსპორტირებას ავტობუსებითა და ჩარტერული ავიარეისებით. ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები დაფიქსირდა უცხოეთში გახსნილ რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რასაც სტანისლავ სეკრიერუს თქმით, არჩევნებში რუსეთის ჩარევის ნაწილად განიხილავენ.