ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ, 2023 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 64%-ის ინტერესებს ქვეყანაში არსებული არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, რესპონდენტების მხოლოდ 24%-მა უპასუხა, რომ ასეთი პარტია არსებობს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. 64%-ის თქმით, ასეთი პარტია არ არსებობს, 9%-მა არ იცის, ხოლო 2%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36% მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია (18-34 წლის მოსახლეობა) - მხოლოდ 15% ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს. 2022 წლის დეკემბრის კვლევის შედეგებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი, 23% იყო.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 47% მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. კიდევ უფრო მეტი - 61% ფიქრობს იგივეს პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.
„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი მხარდამჭერი 55+ ასაკობრივ ჯგუფში ჰყავს, ხოლო ყველაზე ნაკლები 18-34 წლის ახალგაზრდებში. იგივე ითქმის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეც“. სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ იმ მოქალაქეების უმრავლესობას, რომლებიც ამბობენ, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე განაწილდა: 34% - არცერთი, 26% - არ ვიცი, 20% - „ქართული ოცნება“, 9% - უარი პასუხზე, 5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 6% - სხვა პარტიები.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54%) და ეკონომიკურ (52%) თანამშრომლობას. თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს.
ყოველი მეორე მოქალაქე (51 %) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა.
კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48 %-დან 56 %-მდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 %) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა 1032 ინტერვიუს მოიცავს. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.