საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს სახალხო დამცველის მანდატს სცდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
„მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის კეთება ცდება ჩემი მანდატის ფარგლებს. მე შემიძლია, ვისაუბრო იმ რეკომენდაციებზე, იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით მთელი წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა. ეს დაკავშირებული იყო, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას“, - უთხრა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დასანქცირებული მოსამართლეებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესი კიდევ უფრო გართულდება: „ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ უშუალო ოჯახის წევრებს, აშშ-ში შესვლა აუკრძალა, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. დეპრტამენტის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 10 აპრილს, მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მისთვის „დიდ კითხვის ნიშანს აჩენს“. ღარიბაშვილის განცხადებით, სანქცირებული მოსამართლეები „მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას“.
სასამართლოს რეფორის გატარება ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისში საქართველოსთვის მიცემულ იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, სასამართლოს ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით.