მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მოსკოვის სასამართლომ საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის მოთხოვნით სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დაკავებულები არიან ტაჯიკეთის მოქალაქეები - 32 წლის დალერჯონ მირზოევი, 30 წლის საიდაკრამი მუროდალი რაჩაბალიზოდა, 25 წლის შამსიდინ ფარიდუნი და 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი.

  • რუსული მედიის ინფორმაციით, მირზოევს ოთხი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ჰქონდა სამთვიანი რეგისტრაცია ნოვოსიბირსკში, რომლის ვადა ამოწურულია. ეჭვმიტანილს სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. სასამართლოს განცხადებით, მან დანაშაული სრულად აღიარა.
  • პროცესის დახურვამდე რაჩაბალიზოდამ თარჯიმნის დახმარებით განაცხადა, რომ ჰყავს ცოლ-შვილი და რეგისტრირებულია რუსეთში, თუმცა სად - არ ახსოვს. მას ყურის მხარეს სახვევი ეკეთა, რაც არასათანადო მოპყრობაზე მეტყველებს. პროცესამდე ერთი დღით ადრე რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დაკითხვისას, სავარაუდოდ, თავდასხმაში ეჭვმიტანილს კაცს ყურს ჭრიან და პირში უდებენ. სასამართლოს პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ დანაშაული რაჩაბალიზოდამაც აღიარა.
  • ფარიდუნი დაკავების შემდეგ ელექტროშოკით აწამეს, რისი ამსახველი ფოტოც ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ბრალდებული ამბობს, რომ კონცერტზე ხალხის დახოცვის სანაცვლოდ 500 ათას რუბლს დაჰპირდნენ. მედიის ცნობით, მას ცოლი და რვა თვის შვილი ჰყავს, კრასნოგორსკში მუშად მუშაობდა და ნასამართლევი არასდროს ყოფილა.
  • ფაიზოვი დაკავებისას დაჭრეს. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და სასამართლოში ექიმებმა მიიყვანეს. ფაიზოვი ივანოვოში დალაქად მუშაობდა, თუმცა სამსახური იანვარში, დაბალი ხელფასის გამო დატოვა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაკავებულთა წამების შესახებ დასმული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

22 მარტის საღამოს, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ ცეცხლი გახსნა. სროლა ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. თავდამსხმელებმა შენობაში ცეცხლიც გააჩინეს, რომელიც 12.9 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და შენობის ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა, საიდანაც ჯერ მხოლოდ 62-ია იდენტიფიცირებული. მათი ნაწილი თავდამსხმელებმა მოკლეს, ნაწილი კი ხანძარსა და დაკვამლიანებას ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სულ მცირე სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი.

ტერაქტის საქმეზე სულ 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი სავარაუდო თავდამსხმელია. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ეჭვმიტანილები ბრიანსკის რეგიონში აიყვანეს, როდესაც „რენოს“ მარკის ავტომობილით რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა „მაკაროვის“ პისტოლეტი და კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი ამოიღეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის მიუხედავად უშიშროების ფედერალური სამსახურმა ტერაქტში „უკრაინული კვალის“ არსებობის შესახებ განაცხადა. იგივე ვერსია მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გააჟღერა, თუმცა მტკიცებულება არც მას წარმოუგენია. უკრაინის ხელისუფლება მომხდართან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან თავდასხმის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. მარტის დასაწყისში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებსაც მოუწოდა, მოსკოვში ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავი აერიდებინათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).