„26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვეული იყო უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის სახით, რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს - არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას“, - ამის შესახებ „ერთინობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
ბოკუჩავას თქმით, ყველა ბიულეტენზე „ტოტალურად ხილვადი იყო“ ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
„დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გვევლინება ფაქტი, რომ ხმის მიცემის აპარატების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონილი მარკერის სავსებით ხილულ კვალს. დამამძიმებელი გარემოებაა ისიც, რომ უშუალოდ ელექტრონული ხმის მიცემის აპარატთან იდგა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული საუბნო უბნის „ქართული ოცნების“ წევრი, რომელიც ვიდეო თვალთვალთან ერთად მანუალურად აფიქსირებდა და აკონტროლებდა ამომრჩევლის არჩევანს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს, სხვა საარჩევნო მანიპულაციებით, ყველაზე მეტი ხმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ მოჰპარეს.
„თუმცა, დღეს ეს არ არის მთავარი ფოკუსი, მაშინ, როცა მოპარულია მთლიანად არჩევნები და არჩევანის უფლება. შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი“, - თქვა ბოკუჩავამ.
ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარვევაზე დავობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ამ საფუძვლით ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა, 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. უფლბადამცველმა ორგანიზაციამ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და მიმართა ცესკოს, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიეღო. 28 სექტემბრის წერილით ცესკომ საიას აცნობა, რომ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი უარყოფს, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. „პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერავინ ვერცერთ ეტაპზე ვერ გაიგებდა, თუ რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცა ამომრჩეველმა ხმა. მესმის წუხილი, რომ შესაძლოა რომელიმე საარჩევნო ბიულეტენზე ან ბიულეტენებზე იყო მეორე მხარეს გაფერადების კვალი, გამოჟონვის კვალი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ იძლევა იმის დადასტურების შესაძლებლობას, რომ რომელიმე კონკრეტულ სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
საარჩევნო ბიულეტენზე, 18 პოლიტიკური პარტიის ჩამონათვალში, „ქართული ოცნება“ სიის ბოლოში იყო.
