„ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით. მოვუწოდებ საქართველოს, ამისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისკენ. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას“, - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით.

რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება, 2008 წელს დაესხნენ თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების ყველანაირ მცდელობას,“- განაცხადა ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს, ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რაღაც

რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ვერც ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ბატონო კანცლერო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო, რომ მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, მოტივირებული, რომ ყველა, თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად, ჩვენი მთავრობის მხრიდან. ასევე, მინდა, გითხრათ, ამის თაობაზე ბატონ კანცლერს მივაწოდე ინფორმაცია, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა. ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გერმანიაში 13 სექტემბრიდან იმყოფება.

2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა, უკრაინას და მოლდოვას კი სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა:

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად;
  2. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირების, მათი დამოუკიდებლობის გაძლიერების და ეფექტური ანგარიშვალდებულების გარანტირება. საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესება OSCE/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ ამ პროცესებში გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრით;
  3. ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციების შედეგად გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, ასევე, ხელისუფლების დანაწილების დაცვა. მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის განხორციელება და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
  4. ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, მაღალი დონის კორუფციის საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
  5. „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით;
  6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
  7. უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტებზე;
  8. სწრაფი ნაბიჯები გადადგას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, ძალადობაში დამნაშავეების და წამქეზებლების პასუხისგებაში უფრო ეფექტურად მიცემის გზით;
  9. განსაკუთრებით გაიზარდოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით;
  10. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ყზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
  11. კანონმდებლობის მიღება, რათა საქართველოს სასამართლოებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები მათ მსჯელობებში;
  12. ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ჩამოთვლილი პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და 2023 წლის შემოდგომაზე საკუთარ ანგარიშს წარადგენს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).