პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ახალი ტრანზიტული აეროპორტის მშენებლობა განიხილება. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა ამბიციურ მიზნებს ვერ პასუხობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ეს არის ჩვენი, მე ვიტყოდი, საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს გვაქვს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მუშაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ ორი ვარიანტი დაამუშავა - არსებული აეროპორტის განვითარება-გაფართოება და ახლის აშენება.
„ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა, 20, 50 და თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო, ინფრასტრუქტურად გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია, ასეთი ადგილი თბილისში არის და შეიძლება ითქვას, იდეალურია ამ მიზნით, ეს არის ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ჩემი დავალებით, რამდენიმე თვეა, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ კუთხით.
ჩვენი სურვილია, ამ პროექტის შესწავლისთვის ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები. ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.
საუბარია თანამედროვე საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება, გახდეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი.
ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა „კარგო ტერმინალების“ მშენებლობაზე ა.შ. ამის თაობაზე დეტალურად გვექნება განხილვა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ საჭირო პროექტი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ყოველ წელს, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი თითქმის 35%-ით იზრდება.
„საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან. ამიტომ ჩვენ ახლა დავიწყებთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ მსოფლიოში წამყვან საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ცოტა ხნის წინ, საქართველოდან პირდაპირი ფრენები რუსეთის მიმართულებითაც განახლდა, რაც შედეგად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი 19 მაისს, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა, ივნისში კი ფრენებს Red Wings-ი დაიწყებს, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა მიიღო. მოსკოვში მიმართულებით დაფრინავს ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისიც“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს რუსეთიდან პირდაპირი ფრენები აკრძალული აქვთ.
ამ თემაზე:
„ევროპაში ქუთაისის გავლით“ - რას წერს რუსული სამთავრობო მედია ფრენების აღდგენის შემდეგ