„ბათუმში - პლაჟებზე, ევროპაში - ქუთაისის გავლით. პირველი ტურისტები საქართველოში უკვე მიემგზავრებიან“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. სტატიაში აღნიშნულია, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს აეროპორტები მესამე ქვეყნებში გამგზავრების მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის მოსახერხებელ გადასაჯდომ ჰაბად იქცევიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთიდან პირდაპირი ფრენები აკრძალა და რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. ეს ერთ-ერთი პირველი სანქცია იყო, რომელიც ევროპის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მიმართებაში დააწესეს.
„ქუთაისიდან 30-ზე მეტი საერთაშორისო რეისი სრულდება, ამასთან ხშირად - ბიუჯეტური. 21-50 ევროდ ნაყიდი ბილეთით შეგიძლია მოხვდე პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ავსტრიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ესტონეთში, ჩეხეთში, იტალიაში, ბელგიასა და გერმანიაში“, - ვკითხულობთ „რია ნოვოსტის“ სტატიაში.
სტატიის ავტორისა და რესპონდენტების ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქუთაისი რუსეთთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თურქეთის ქალაქი სტამბოლი ან რომელიმე სხვა ჰაბი. გარდა ამისა, Wizz Air-ი რუსებს საფასო პოლიტიკითაც იზიდავს. რუსეთში არ გამორიცხავენ, ქუთაისიდან ფრენების სიხშირე უფრო გაიზარდოს.
რუსული ტუროპერატორები საქართველოს „უდიდეს საექსკურსიო პოტენციალზე“ საუბრობენ - გაზაფხულსა და შემოდგომით შესაძლებელია შემეცნებითი, გასტრონომიული, ღვინის, გამაჯანსაღებელი ტურების დაგეგმვა, ზამთარში კი სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავება გუდაურში, ბაკურიანსა და ახლად გახსნილ კურორტ გოდერძიზე. მათი თქმით, ზაფხულში ტურისტების 70% პლაჟებზე დასვენებით არის დაინტერესებული.
კომპანია Space Travel-ის ხელმძღვანელი და ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი ამბობს, რომ „ტურისტულ დღის წესრიგში საქართველოს გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა და ამან შესაძლოა სიურპრიზები მოიტანოს“. კომპანიები უკვე მუშაობენ პაკეტურ ტურებზე, რაც, მათ შორის, ბათუმსა და თბილისში სასტუმროებს, ექსკურსიებსა და ფრენებს მოიცავს.
ამასთან, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დაიწიოს საქართველოს ხელისუფლებაზე „პოლიტიკური ზეწოლის დონემ“, რის გამოც ბევრი ტურისტი კვლავ ყოყმანობს, წავიდეს თუ არა დასასვენებლად საქართველოში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. პუტინის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილია.
ოთხი წლის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისისკენ პირველი ფრენა 19 მაისს, ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავმა შეასრულა და საქართველოში 89 მგზავრი ჩამოიყვანა. ბორტზე იყვნენ ქართველი პრორუსი პოლიტიკოსები, აქტივისტები და ბიზნესმენებიც - ვალერი კვარაცხელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და მამუკა ფიფია. ჭიქაშვილმა, რომელიც ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარეა, საქართველოს მოქალაქეების სახელით პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და განკარგულებას ხელი მოაწერა.
ივნისიდან კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე დაიწყებს ფრენას.
მოსკოვში რეისების შესრულება დაწყებული აქვს ქართულ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“, რის გამოც მას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბოიკოტი გამოუცხადა.