ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის წარსული დემოკრატიული ტრაექტორიიდან, ხოლო ე.წ. „უცხოური გავლენის“ კანონი ამ ანტიდემოკრატიული ცვლილების სიმბოლოა. აშშ-ში იმედს იტოვებენ, რომ ქართველი ლიდერები დაუბრუნდებიან ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჰაკის თქმით, ამის საუკეთესო გზაა ხსენებული კანონის გაუქმება, აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა, სხვა არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლის შეჩერება და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს მოსმენა იმართება როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე საქართველოში მომავალი დემოკრატიისთვის უაღრესად მნიშვნელოვან დროს. საქართველოს მთავრობა მკვეთრად გადაიხარა ქვეყნის წარსული დემოკრატიული ტრაექტორიიდან, რისკის ქვეშ აყენებს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. მათ მიიღეს არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოების დემონიზაცია, გაავრცელეს დეზინფორმაცია და განახორციელეს რიტორიკული თავდასხმები შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს. 28 მაისს მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოური გავლენის“ კანონი ამ ანტიდემოკრატიული ცვლილების სიმბოლოა.
ეს კანონი, რომელიც ასახავს რუსეთში ძალაში შესულ კანონს, შექმნილია კრიტიკული ხმების ჩასახშობად, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისა და ჟურნალისტების გასაშავებლად, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების შიშით დასამორჩილებლად. „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო ეს კანონი მისი მოქალაქეების მასობრივი პროტესტის, აშშ-ის წინააღმდეგობისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მკაფიო დასკვნის მიუხედავად, რომ კანონი არ იყო თავსებადი ევროპულ ნორმებთან“, - განაცხადა ჯოშუა ჰაკმა.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩართული იყო ყველა დონეზე, რათა ქართველ ხალხისთვის ნათელი გაეხადა, რომ აშშ აგრძელებს მათი დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და ამავე დროს, საქართველოს მთავრობისთვის განეცხადებინა, რომ ის არასწორი მიმართულებით მიდის.
„საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შედეგად, 23 მაისს, მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რათა ხელი შეუწყოს მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. მან ასევე გამოაცხადა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, საქართველოსადმი ჩვენი დახმარების, ყოვლისმომცველი გადახედვა. 6 ივნისს ჩვენ გადავდგით ნაბიჯები საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე, პარლამენტარებსა და სამართალდამცავებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად.
ეს ნაბიჯები ეფუძნებოდა ჩვენს წინა ქმედებებს, როგორიცაა სავიზო შეზღუდვები კორუმპირებულ მოსამართლეების მიმართ და ფინანსური სანქციები „ეფ ეს ბესთან“ დაკავშირებულ ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცკალაძეზე. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უწყებათაშორის კოლეგებთან დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებაზე ან შეჩერებაზე და პოლიტიკის ჩართულობის გაუქმებაზე. თავდაცვის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა საქართველოში სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და დაუბრუნდებიან საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გაცხადებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ჩვენ ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ ამის საუკეთესო გზაა უცხოური გავლენის კანონის გაუქმება, აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა, სხვა არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლის შეჩერება და უზრუნველყოფა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი.
მთავრობასთან ხაზი გავუსვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ, რომ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს მოთხოვნას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შექმნის შესახებ და მოვუწოდეთ მთავრობას, უზრუნველყოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეუფერხებელი წვდომა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წელი გადამწყვეტი წელია საქართველოს მომავლისა და მისი დემოკრატიული წინსვლისთვის. ჯოშუა ჰაკმა მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას „ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, შევიწროებისა და ფიზიკური თავდასხმების პირობებში“.
„ჩვენ რეგულარულად ვუკავშირდებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და აქტიურად ვუჭერთ მხარს მათ ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი.
უნდა გვახსოვდეს საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები, რომელსაც დღემდე უკავია საქართველოს ტერიტორიის 20%.
დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რჩება ურყევი და უცვლელი. ამერიკელები და ქართველები იზიარებენ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველოს შემდგომი განვითარების მხარდაჭერას“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართული მოსმენის თემა იყო აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში, 2024 წელს ამ ქვეყნებში გასამართი არჩევნების წინ.