საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დასავლეთიდან, კერძოდ, კი NATO-დან მიღებულ დახმარებას, რომლის მიზანი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა იყო, სოციალური მედიის ყალბი ანგარიშებით ოპონენტებზე „რუსული სტილის“ თავდასხმებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებისთვის იყენებდა. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება New Lines Magazine-მა გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნატოს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 2015 წელს რუსული ჰიბრიდული ომის მიმართ საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად შეიქმნა, მარტში დაიხურა. ეს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 10 თვეში იმ მომენტიდან, რაც Meta-მ წაშალა Facebook-ის ათობით ანგარიში, რომელსაც საქართველოს მთავრობის სტრატკომი „კრიტიკოსების წინააღმდეგ და უკრაინაში რუსეთის ომზე ანტიდასავლური პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებდა“.
ნატოს მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივა 2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა დააფუძნა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა, იგივე სტრატკომმა, რომელიც ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა და პრემიერ-მინისტრის ოფისის ნაწილია, წლების განმავლობაში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო - ტრენინგებისა და ტექნიკური რესურსების სახით. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეს იყო მოსკოვის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რაც ათობით მილიონი დოლარი დაჯდა.
საგამოძიებო სტატიის მიხედვით, ნატომ ჰიბრიდული ომის საფრთხე პირველად 2014 წელს აღიარა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯარების მიერ ყირიმის აღების დროს, აშკარა გახდა სტანდარტული და არასტანდარტული სამხედრო იარაღების გამოყენება. იმავე წელს, უელსის სამიტზე შეთანხმებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მოიცავდა ჩარჩოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის“ განხორციელების მხარდასაჭერად. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა და მას საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობის დეტალებისა და სარგებლის შესახებ.
თავდაცვის მაშინდელი მინისტრი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს შესანიშნავი იდეა იყო, სათანადოდ რომ განხორციელებულიყო.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პრობლემები სტრატკომის დაფუძნებიდან ოთხ წელში, 2019 წელს გაჩნდა. „ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობა გაეწია, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, როგორებიცაა მედიის განვითარების ფონდი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), Facebook-ზე არსებული ყალბი, პრო-სამთავრობო სიმპათიების გამომხატველი ანგარიშები თავად ხელისუფლებას დაუკავშირეს. გაირკვა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას შეეძლო ყალბი ანგარიშების გამოყენება თავისი პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. იმავე წლის ბოლოს Meta-მ გაანადგურა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ტროლების ქსელი, რომლებიც თავს მედია ორგანიზაციებად და პოლიტიკურ პარტიებად ასაღებდნენ“, - ვკითხულობთ სტატიაში.
2023 წლის მაისში, Meta-მ „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“, ანუ „ტროლინგის“ გამო მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული Facebook-ზე 80 ანგარიში, 26 გვერდი და 9 ჯგუფი, ასევე Instagram-ის 2 ანგარიში დახურა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ წლის დასაწყისში მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მიშა ფეიქრიშვილი დაინიშნა. მანამდე ის ახალი ამბების სამსახურს ხელმძღვალობდა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც „კრიტიკოსების მიერ ფართოდ არის აღქმული, როგორც მმართველი პარტიის რუპორი“. სტრატკომის წარმომადგენელმა ჟურნალისტს უარი უთხრა დეპარტამენტში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
ამ თემაზე სტატია Byline Times-ზეც გამოქვეყნდა. იქ ჟურნალისტი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ინფორმირებული იყო გადასახადის გადამხდელთა თანხების ბოროტად გამოყენების შესახებ. ამის თაობაზე 2023 წლის მარტში, თბილისში ვიზიტის დროს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზეც აცნობეს.
მოთხოვნის მიუხედავად, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა არ წარმოადგინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯა სტრატკომზე.
Facebook-ზე საქართველოს მთავრობის სტრატკომის ოფიციალური გვერდზე 26 იანვრის შემდეგ არაფერი გამოქვეყნებულა.