საქართველოს მთავრობის წევრები, ვიცე-პრემიერები თეა წულუკიანი და ირაკლი ჩიქოვანი აკრიტიკებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც, მათივე თქმით, ილჰამ ალიევისთვის აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდეტო არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ამ წუთამდე საქართველოს პრეზიდენტის დუმილი, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
წულუკიანმა პრეზიდენტის გადაწვეტილებას „პოლიტიკური სიბეცე“ უწოდა.
„გვინდა შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები არის გაზრდილი ბოლო წლებში. საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმისთვის ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს და ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი თავს იკავებს მიულოცოს ჩვენს მეზობელ, პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს ახალ არჩევნებში, მეთაურს, გამარჯვება.
ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან. ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის აზერბაიჯანია, არამედ პირიქით - უფრო მეტი რისკი იყოს ქვეყანაში და ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც მინიმუმ, დასანანია.
ასევე, ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ, რომ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს, ოფიციალურად არჩევნების შედეგების დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ“, - განაცხადა წულუკიანმა.
ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობა, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„მეორე მხრივ, ელემენტარულად დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. მგონია, რომ აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, აზიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ სულაც უგუნური გადაწყვეტილება. თუმცა შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც დიდი ხანია, პრეზიდენტი აღასრულებს და გარკვეულ დავალებებს მიყვება“, - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
განახლება: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ილჰამ ალიევისთვის „საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნეს, ზურაბიშვილმა ალიევს წერილი 9 თებერვალს გაუგზავნა.
7 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რის შედეგადაც, 92%-იანი მხარდაჭერით, ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა. ის ამ თანამდებობას კიდევ 7 წლის განმავლობაში დაიკავებს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ განცხადებით, შედეგები არ გამოხატავს ხალხის ნებას და არალეგიტიმურია, რადგან კენჭისყრა კონკურენციის არარსებობის, ტოტალური ზეწოლის, შიშისა და მუქარის პირობებში ჩატარდა.
OSCE/ODIHR-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობდა, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საერთოდ არ მიიღო მასში მონაწილეობა. „მიუხედავად იმისა, რომ კამპანიაში კიდევ ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა, მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკას დამაჯერაბლად არცერთი არ დაუპირისპირდა, რის გამოც ამომრჩეველი ნამდვილი ალტერნატივის გარეშე დარჩა. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ბაზა და მისი აღსრულება ართულებს მშვიდობიანი შეკრებისა და საჯარო შეხვედრების თავისუფლების უფლების რეალიზებას, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის მიღმა“, - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტია 2003 წლიდან. მან ეს თანამდებობა მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვია და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და მისი სურვილის მიუხედავად, პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ვერ შედგა.