აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც 7 თებერვალს ჩატარდა, გამარჯვებულად ილჰამ ალიევი გამოცხადდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ალიევს ხმა მისცა ამომრჩევლების 92%-მა, აქტივობა კი 77% იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე პარლამენტის დეპუტატი, დამოუკიდებელი კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი გავიდა, რომელმაც 2.2% აიღო.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ განცხადებით, 7 თებერვლის არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ხალხის ნებას და არალეგიტიმურია, რადგან კენჭისყრა კონკურენციის არარსებობის, ტოტალური ზეწოლის, შიშისა და მუქარის პირობებში ჩატარდა.
დევნილობაში მყოფი სამოქალაქო კოალიციის (AZEX) თანათავმჯდომარე ემინ ჰუსეინოვი ამბობს, რომ ყველა წინა არჩევნებში ალიევი საშულოდ 85%-ს აგროვებდა, „სამხედრო გამარჯვებების“ შემდეგ კი, სახელმწიფო პროპაგანდა 90%-ზე მაღალი შედეგის შესახებ იუწყება.
„ასეთი შედეგის მისაღებად სახელმწიფო აპარატი იძულებული გახდა, მოეხდინა არა მხოლოდ საჯარო მოხელეების, არამედ სტუდენტების მობილიზება. ამ არჩევნების თავისებურება ის არის, რომ ამჯერად „კარუსელებში“ სტუდენტებიც ჩართეს. არჩევნების მიზანი ილჰამ ალიევის ძალაუფლების კიდევ შვიდი წლით გახანგრძლივება იყო“, - ამბობს ჰუსეინოვი „კავკაზსკი უზელთან“ ინტერვიუში.
ილჰამ ალიევს გამარჯვება უკვე მიულოცეს რუსეთის, თურქეთის, ყაზახეთის, უნგრეთის, ვენესუელისა და ბელარუსის ლიდერებმა.
აზერბაიჯანში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, წელიწადნახევრით ადრე, 2024 წლის 7 თებერვალს დაინიშნა. ამის მიზეზად ალიევმა 2023 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენა და „ახალი პერიოდის“ დაწყება დაასახელა.
„ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია, მიმაჩნია, რომ პირველი არჩევნები, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარდეს, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს“, - თქვა ალიევმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
მისივე განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ 2023 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 20 წელი შეუსრულდა. „ეს უნდა მივიღოთ როგორც გარკვეული შეჯამება“, - თქვა ალიევმა.
7 თებერვალს ილჰამ ალიევმა, მისმა მეუღლემ და შვილებმა ხმა ხანქენდიში [სტეფანაკერტი - სომხ.] მისცეს. მთიან ყარაბაღში სულ 26 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
62 წლის ილჰამ ალიევი ქვეყნის სათავეში 2003 წელს, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა და პრეზიდენტის თანამდებობას წელს ზედიზედ უკვე მეხუთე ვადით იკავებს.