სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 28 სექტემბრის დილისთვის მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 66 ათასს გადააჭარბა. ეთნიკური სომხები რეგიონს მას შემდეგ ტოვებენ, რაც 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტიდან სომხეთის საზღვრამდე მონაკვეთში, მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი საცობია შექმნილი. ყარაბაღიდან სომხეთის საზღვრისპირა სოფელ კორნიძორში გახსნილ პუნქტამდე მისაღწევად მოქალაქეებს ერთი დღე, ხშირ შემთხვევაში, უფრო დიდი დრო სჭირდებათ.
„ჩვენი ოჯახის 12-მა წევრმა ამ მანქანით ვიმგზავრეთ 18 საათი. ჩემი და ჩემი დის შვილები არიან ჩვენთან ერთად. სტეფანაკერტში მოგვცეს ბენზინი და წამოვედით, არაფერი არ წამოგვიღია თან. საზღვარზე არავის შეუმოწმებია, უბრალოდ აღწერეს რამდენი ადამიანი ვართ“, - ამბობს ყარაბაღელი კაცი, რომელმაც სომხეთის ქალაქ გორისამდე სატვირთო მანქანით მიაღწია და თავშესაფრის მიღებას ელოდება.
საინფორმაციო სააგენტო CivilNet-ის ყარაბაღის რეპორტიორი ჰაიკ ღაზარიანი წერს, რომ სტეფანაკერტში ქაოსია შექმნილი - პატარა თემების მოსახლეობის ნაწილი უკვე ევაკუირებულია და დანარჩენი ხალხი ქალაქში რიგში იცდის, რადგან დაპირება მიიღეს, რომ ავტობუსებით მოხდება მათი გამგზავრება.
„თანამდებობის პირების უმეტესობა წავიდა სომხეთში, სამართალდამცავი უწყებები არ ფუნქციონირებს. არიან ადამიანები, რომლებიც ახლობლებს არ ასაფლავებენ, ცხედრები სომხეთში გადააქვთ“, - ამბობს ჟურნალისტი.
სულ ყარაბაღში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ყარაბაღელების მთავარი პრობლემა საცხოვრებლის საკითხია. იძულებით გადაადგილებული ოჯახები ხშირად უარს ამბობენ ისეთ რეგიონებსა და სოფლებში დასახლებაზე, რომლებიც აზერბაიჯანს ესაზღვრება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის, ნაზელი ბაღდასარიანის თქმით, სახელმწიფომ იზრუნა დაახლოებით 5 700 ადამიანის საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტაზე. იძულებით გადაადგილებულთა უმრავლესობა საცხოვრებლად, ძირითადად, ნათესავებთან გადადის.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით ტოვებდა. ვარდანიანი ყარაბაღში 2022 წლის სექტემბერში გადავიდა, უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და ნოემბერში, არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 2023 წლის თებერვლის ბოლომდე მუშაობდა. ბაქო მისგან ყარაბაღის დატოვებას ითხოვდა.
რუბენ ვარდანიანის დასაცავად, სომხეთის მთავრობამ მისი დაკავებიდან რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და ბაქოსგან მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება დაკავებულის ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვარდანიანს ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
დღეს, 28 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი). ბრძანების მეორე პუნქტის მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის, ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნეოდა. რეგიონში ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დროს ყარაბაღის რეგიონი ავტონომიურ ოლქად გადაკეთდა. 1988 წელს, ყარაბაღის მოსახლეობამ მოისურვა, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, რეგიონი ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ყარაბაღის რესპუბლიკა არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის, სომხეთმაც არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რუსეთის შუამავლობით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. მაშინ ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე. შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობოების სტატუსით რუსი სამხედროები განლაგდნენ.