ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) ლიდერებმა დაადასტურეს, რომ „უკრაინის მომავალი ნატოშია“ და მისი გზა „შეუქცევადია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დეკლარაციაში, რომელიც ოთხშაბათს, ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ლიდერებმა არ მიუთითეს უკრაინის თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ვადები. ამის ნაცვლად, მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ „ალიანსში გაწევრიანების მიზნით უკრაინის მიწვევას შეძლებენ მაშინ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, გარე ჩარევისგან თავისუფლად. უკრაინის მომავალი ნატოშია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. ჩვენ მივესალმებით კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ საჭირო დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების რეფორმებთან დაკავშირებით... რადგან უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებას, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას მის შეუქცევად გზაზე სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით“, - განაცხადეს ლიდერებმა.
დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის ბრძოლა მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, პირდაპირ უწყობს ხელს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრები უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდიან განგრძობადი რუსული აგრესიისგან, მათ შორის უკრაინის ქალაქებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმებისგან თავის დასაცავად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 თვითმფრინავები გადაეცემა.
„იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას დღეს საკუთარი თავის დაცვაში და მომავალში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ „ნატოს უსაფრთხოების დახმარება და წვრთნა უკრაინისთვის“ (NSATU), რომელიც კოორდინაციას გაუწევს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნების უზრუნველყოფას. ის მხარს დაუჭერს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ტრანსფორმაციას, რაც შესაძლებელს გახდის მის შემდგომ ინტეგრაციას ნატოში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
ლიდერებმა ასევე გამოაცხადეს „გრძელვადიანი მხარდაჭერის დაპირება“ და განზრახვა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსებას უზრუნველყოფენ.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ჩინეთი „გადამწყვეტ“ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას: „ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვაზე, შეწყვიტოს რუსეთის ომის ძალისხმევის ყოველგვარი მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერა.“
დეკლარაციაში ერთხელ არის ნახსენები საქართველო, თუმცა არ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ის ალიანსის წევრი გახდება. კერძოდ, ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, „გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე“.
ნატოს ლიდერები მიესალმებიან მოლდოვის, ისევე როგორც ბოსნია და ჰერცეგოვინის, ძალისხმევას გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები ევროინტეგრაციით. „ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ალიანსისთვის დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონები სტრატეგიული მნიშვნელობისაა: „ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაძლიერებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენს უსაფრთხოების გამოწვევებზე და პოტენციურ შესაძლებლობებზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, შესაბამისად. ნატო მხარს უჭერს ამ რეგიონში დაინტერესებული ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ნატოს 75-ე, საიუბილეო სამიტზე, ვაშინგტონში ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ. სამიტზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.