აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიერ, 2022 წლის 18 სექტემბერს სომხეთში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ზოგადად, ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრების ყოფნა პირდაპირ მეტყველებს ამაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდი, როგორც ჩანს, პელოსი იყენებს ამ ვიზიტს აშშ-ში სომხური ლობის წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან პოლიტიკური ინტრიგებისა და ლობისტური ინტერესების სომხეთის გავლით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა მიუღებელია.
ის, რაც ნენსი პელოსიმ სომხეთში განაცხადა, უნდა შეფასდეს, როგორც სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებული განცხადება. ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში არსებული მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ დაძაბულობის გაზრდას“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ნენსი პელოსი ერევანში 17 სექტემბერს ჩავიდა. მან თქვა, რომ აშშ-ს „კონგრესი გმობს აზერბაიჯანის სასიკვდილო და უკანონო თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე. ეს თავდასხმა მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ძალიან საჭირო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას, სამშვიდობო პროცესის წარმატებას“.
ერევანში ნენსი პელოსის ვიზიტის დროს საპროტესტო აქცია გაიმართა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ (ОДКБ) სომხეთის გასვლის მოთხოვნით.
მას შემდეგ, რაც 13 სექტემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, სომხეთმა ОДКБ-ს, გაეროს უშიშროების საბჭოსა და რუსეთის ფედერაციას მიმართა. ОДКБ-მ ვითარების შესაფასებლად, მონიტორინგის მისიის გაგზავნა გადაწყვიტა, რომელიც გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი სიდოვორის ხელმძღვანელობით სომხეთში 15 სექტემბერს ჩავიდა. 16 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა თქვა, რომ სომხეთს სუვერენიტეტის დასაცავად და საკუთარი ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი სამხედროების გასაყვანად ОДКБ-სგან სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების იმედი ჰქონდა. გრიგორიანის თქმით, სომხეთის იმედები არ გამართლდა.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, სომხეთის მხარეს დაღუპულია 135 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 10 კვადრატული კოლომეტრის დაკავება შეძლო. ფაშინიანს საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაა, რის მისაღწევადაც, წესდების მიხედვით, წევრი სახელმწიფოები უპირატესობას პოლიტიკურ საშუალებებს ანიჭებენ“.