„ეს არ არის იძულების ტაქტიკა. ეს არის განაცხადი, რომ ჩვენს საზოგადოებაში თუ გსურთ იყოთ, მათ შორის ისარგებლოთ ისეთი რამით, როგორიც არის ის, თუ სად დადიან თქვენი ბავშვები სკოლაში, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრივით მოქცევა. სულ ეს არის, რასაც ვამბობთ“, - საქართველოზე საუბრისას ჯიმ ო’ბრაიენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, გაიმეორა, რომ სავიზო შეზღუდვები შესაძლოა შეეხოთ არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ამერიკელმა დიპლომატმა არ უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში. ჯიმ ო’ბრაიენის განმარტებით, სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების ფარგლებში სიის გამოქვეყნება არ არის გათვალისწინებული - „ეს არ არის ის, რის უფლებასაც კანონი გვაძლევს“.
„რაც შეეხება დამატებით ზომებს, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ გადავხედავთ ყველა თანამშრომლობას რაც გვაქვს და მე არ ვაპირებ დამატებითი კონკრეტული ქმედებების წინასწარ დაანონსებას“, - თქვა ო’ბრაიენმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული კანონი, მის გარშემო არსებული რიტორიკა და მომიტინგეების მიმართ ძალადობა არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წინსვლის არჩევანს.
„მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იმაზე, რომ შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია საქართველოს მიერ დასახულ გზასთან. ვენეციის კომისია გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით და იგივე აზრი გამოთქვა. ასე რომ, საქმე არის იმაში, ცდილობენ თუ არა საქართველოს მთავრობის ლიდერები შეცვალონ ის, რაც ნიშნავს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას და არა იმაში, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა.
რაც შეეხება კომენტარს იმის შესახებ, არის თუ არა ეს იძულება, არა, ეს მარტივი საკითხია. თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა, ვერ იტყვი, ჩვენი გუნდი 15 კაცით ითამაშებს, თქვენ შვიდით ითამაშეთ, ან ჩვენ ვითამაშებთ დამატებითი ბურთით. თქვენ უნდა ითამაშოთ იმ კლუბის წესებით, რომელში გაწევრიანებასაც ცდილობთ. საქმე იმაშია, რომ განხორციელებული ქმედებები შეუთავსებელია როგორც გაწევრიანებისკენ სწრაფვასთან, ისე ფაქტობრივად წევრობის მიღწევასთან“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.
23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას მიიღებს, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე. გარდა ამისა, ბლინკენი იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება შანტაჟად და „საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეშ მცდელობად“ შეაფასა.