თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან გამოძიების განახლებას ითხოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„2023 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო. ევროპულმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და გამოძიების ნაკლოვანებებზე განმცხადებლების თითქმის ყველა არგუმენტი გაიზიარა. მათ შორის, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ იყო უზრუნველყოფილი გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მაშინ, როცა მოგვიანებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების (ხელყუმბარის ამოღება, ჩხრეკა), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა და პროკურატურა სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს დაეყრდნო.
ცხადია, რომ სასამართლოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაითვალა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოდ მისივე ოფიცრების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის გამოძიებაზე. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში არ მოხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასება და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, რამაც გაართულა გამოძიების პროცესში მათი მონაწილეობა. სწორედ გამოძიებაში დაშვებული ძირეული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო მსჯელობა სიცოცხლის უფლების არსებითი (სუბსტანციური) ნაწილის დარღვევაზე. სწორედ ამ ნაწილში 2023 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება, მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, 2023 წლის 18 აპრილს გასაჩივრდა. თუმცა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენი საჩივარი 2023 წლის 22 მაისს დაუშვებლად ცნო.
აღნიშნული პროცესის შემდეგ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ამ ეტაპზე გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახდენს. კომიტეტმა მაჩალიკაშვილების საქმე საქართველოს წინააღმდეგ სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ჯგუფში (ცინცაბაძის ჯგუფი) გააერთიანა და მასზე გაძლიერებული ზედამხედველობა დაიწყო.
ჩვენი არსებითი მოთხოვნაა, ეროვნულ დონეზე გამოძიება ხელახლა დაიწყოს. ამ მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ. სწორედ აღნიშული უწყებაა პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევის ფაქტების გამოძიებაზე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყებაზე ფორმალურად არ განაცხადა უარი, თუმცა წერილობით გაგვიზიარა სრულიად დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი განმარტება, რომ უწყება შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაივლის კონსულტაციას მინისტრთა კომიტეტთან, რათა უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ნაბიჯების დაგეგმვა.
მიგვაჩნია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეს პოზიცია საქმეზე გამოძიების განახლების განზრახ გაჭიანურებას უფრო ჰგავს. გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში კი არსებობს რისკი, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები დროის შემდეგ სათანადოდ ვეღარ ჩატარდეს და საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა გართულდეს“, - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს, თუმცა 2020 წლის 25 იანვარს, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით, გამოძიება შეწყვიტა. 2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას საქმეზე გამოძიების განახლების მოთხოვნით მიმართა, რაც უწყებამ არ დააკმაყოფილა.
დიდი ხნის განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავდა და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდა.