„მძიმე სურათი გვაქვს იმ კუთხით, რასაც ჰქვია ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ქალთა მკვლელობა. ეს ყველაფერი არის უკვე არა უთანასწორობა, არამედ პირდაპირ არის სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ქალებს ძალიან დიდი როლი აქვთ, მაგრამ თანასწორობის მისაღწევად ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს.
„დავიწყებ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითით - პოლიტიკით. პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს. ჩვენ ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ. ეს არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც აღვწერე და რაც არის საქართველოში, სადაც ქალები არიან ყველა სფეროში წინ, მაგრად და ძლიერად წარმოდგენილები. რატომ არ არიან პოლიტიკაში, პარლამენტში, მთავრობაში ცოტანი არიან, ეს არის იმ ზოგადი მდგომარეობის, ძალადობის შედეგი, რაც არსებობს, იმ მორალური ძალადობის, რაც პოლიტიკაში არსებობს.
სიძულვილის ენა და არამხოლოდ, გამოხატულებები, რაც არსებობს და რაც ყველამ გამოვცადეთ, ყველამ ვიცით, და რაც ფაქტობრივად, ქალების შესვლას პოლიტიკაში აფერხებს. ისინი თავს იკავებენ, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ხუთი ქალი:
- ბაია პატარაია (ორგანიზაცია „საფარის“ თანადამფუძნებელი) - ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;
- ანა არგანაშვილი ( უფლებადამცველი) - ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
- თამუნა მუსერიძე (ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი) - განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისთვის, პიროვნული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;
- ნატო შავლაყაძე და ელისო ამირეჯიბი (ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებლები) – გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.
2014-2023 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ქალი მოკლეს. აქედან, პროკურატურის მონაცემებით, 2014-2022 წლებში მოკლულია 195 ქალი. 2023 წლის იანვარ-ივნისში ფემიციდის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.