პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა ოპოზიციის იმ დეპუტატებს, რომლებიც ითხოვდნენ განმარტებას, რატომ არ მიეცათ, ონლაინ მედიის ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის და რუსული კანონის განხილვაზე დასწრების უფლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პირველმა ეს საკითხი „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ხატია დეკანოიძემ დააყენა.
„სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი ონლაინ მედიის წარმომადგენელს...“, - ამბობდა ხატია დეკანოიძე, როდესაც ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა:
„ტყუილია! ჩემი ვალდებულებაა, დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, ვინ მოითხოვა სხდომაზე დაშვება, მათ შორის, რომელმა ონლაინ მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ.
„რა ნაწილი დაუშვით იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისა, რომლებსაც დასწრების სრულიად ლეგიტიმური სურვილი ჰქონდათ? წარმოადგინეთ დასაბუთება, რატომ არ არიან აქ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ძალიან ბევრ მედიას, ისევე როგორც არასამთავრობო როგანიზაციას, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს კანონი, არ მიეცით ამ სხდომაზე დაშვება. მათ შორის, არ არის წარმოდგენილი „ინტერპრესნიუსი“, ნათია ინაური, რომელიც ჩემზე და თქვენზე დიდი ხანია მუშაობს ამ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. აქ არ არის „რადიო თავისუფლება“. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასე ამ სხდომის ჩაკეტვა ვერ შეცვლის იმ სიმართლეს, რომ ეს კანონი ემსახურება...“ - ამბობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა. ანრი ოხანაშვილმა მასაც ჩამოართვა „მიკროფონით სარგებლობის უფლება“.
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოცხადდა და შენობაში შესვლა შეეზღუდათ ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
კომიტეტის სხდომას ვერ ესწრებიან „ინტერპრესნიუსის“, რადიო თავისუფლების, სტუდია „მონიტორის“, „მთის ამბების“ „ნეტგაზეთის“, „პუბლიკას“ და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. შეზღუდვა არ ეხება ტელემედიას.