რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზისთვის დამატებით მიწის ნაკვეთს გადასცემენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების წინადადება რუსეთის მთავრობამ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 5 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა, იური ვაზაგოვმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზის გაფართოება და რუსეთის სახელმწიფო დუმაში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების მოახლოებული რატიფიცირება „სრულად პასუხობს ორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“. ვაზაგოვის თქმით, ამ საკითხმა აქტუალობა შეიძინა „იმ რთული და საკამათო ტენდენციების ფონზე“, რაც დაკავშირებულია როგორც საქართველოში, ისე სომხეთის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან.
„ზოგიერთი პროგნოზის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ არის მზად, ხელი მოაწეროს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს და ამ რესპუბლიკაში პროდასავლური რადიკალური ძალების აქტიურობის გათვალისწინებით, რომლებიც სარგებლობენ დასავლეთის ქვეყნების ღია და მასშტაბური მხარდაჭერით, არ შეიძლება გამოვრიცხოთ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის შესაძლო რისკები“, - განაცხადა იური ვაზაგოვმა.
მისივე თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები იმის შესახებ, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა არ არსებობს, აბსოლუტურად არანაირ ნდობას არ იწვევს.
„მსგავსი განცხადებები რეგულარულად ჟღერდა სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ ვხედავდით სრულიად განსხვავებულ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, საფუძვლიან ეჭვებსა და შეშფოთებას იწვევს გამოხატული აქცენტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის მოთხოვნაზე, რეგიონში ნდობის აღდგენისა და სტაბილურობის განმტკიცების ღონისძიებების განხორციელების ნაცვლად.
ამ მიზეზის გამო, სამხრეთ ოსეთის საზოგადოება დადებითად აღიქვამს რუსეთთან თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავების ფაქტს. ისინი რუსეთის ფედერაციას აფასებენ, როგორც რესპუბლიკის უსაფრთხოების საიმედო გარანტს“, - განაცხადა ვაზაგოვმა.
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „ისტორიული შერიგება“ სურს და რუსეთი მზად არის, „მეზობელ ქვეყნებთან“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ეს „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლავროვის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. „პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან“, - თქვა კალაძემ.
მოგვიანებით, ლავროვი მოსკოვში აფხაზეთის და ე.წ. სამხერეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მან დაადასტურა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“.
2009 წლის თებერვლიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაა განთავსებული. ბაზის ძირითადი დისლოკაციის ადგილებია ქალაქი ცხინვალი და სოფელი ჯავა. ამასთან, სამხედრო ნაწილი რამდენიმე ადგილზეა განლაგებული. უკრაინაში ომის დაწყებამდე ოკუპირებულ რეგიონში განლაგებული რუსული ჯარის საერთო რაოდენობა დაახლოებით 4000 ადამიანს შეადგენდა.