ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ტერაშვილი გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის 11 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„მე და ჩემი ორი თანასოფლელი ნახირში ვიყავით. საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, გადმოსარეკად გადავყევი და იმ დროს დამაკავეს რუსმა სამხედროებმა“, - განაცხადა გიორგი ტერაშვილმა გათავისუფლების შემდეგ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. ტერაშვილი სუს-ის წარმომადგენლებს ერგნეთის საგუშაგოზე დღეს გადასცეს.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
30 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის სოფელ დვანის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეები - ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი დააკავეს. მათი უკანონო დაკავებაც საქონლის მწყემსვის დროს მოხდა. ორივე მათგანი 3 მაისს გაათავისუფლეს.
21 აპრილს ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისთან ცოლ-ქმრის, მევლუდ ხარაზიშვილს და ელზა გოგალაძეს გატაცება სცადეს, რა დროსაც მამაკაცს წიხლებითა და იარაღის კონდახით სცემეს.
17 აპრილს დააკავეს სოფელ დვანის მკვიდრი დიმიტრი მამაგლულაშვილი. ის, თანასოფლელებთან ერთად, სოფლის ეკლესიასთან აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა. მამაგულაშვილი ქართველ სამართალდამცველებს 20 აპრილს გადასცეს, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დააჯარიმა და „რესპუბლიკიდან“ გააძევა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ აპრილში სულ 45 ადამიანი დააკავეს - 21 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 24 სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის. „ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა 25 პირს, 3 პირი ადმინისტრაციული წესით გაძევებას და ჯარიმას დაექვემდებარა, 15-ს გაფრთხილება მიეცა, ხოლო ორი პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა“, - იუწყება კომიტეტი.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.
