პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შემდეგ, რიგგარეშე სესიის მოწვევას და სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ასეთი კომისია პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია და საჭიროა საკითხის კენჭისყრაზე გატანა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდასაჭერად. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის ოპოზიცია ვითხოვთ რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამ მიზნით ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით. ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემასთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება გზავნილი, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ საქართველოში უყურადღებოდ არ დარჩება ის უკიდურესი შეშფოთება, რაც ვაშინგტონმა კონკრეტული პირების დასანქცირებით გამოხატა.
„ამ კომისიის შექმნა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რაც შესაძლოა განხორციელებულიყო ამ მოწვევის პარლამენტში. მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნული სანქცია მათ უშუალო ოჯახის წევრებსაც შეეხება. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის „სრულიად გაუგებარი და მიუღებელია“. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ წერილში იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს დააზიანებს.
