ორკესტრირებული შეტევაა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე - ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი, ყველას, მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამ დიდ საქმეში თქვენი როლი არის განსაკუთრებული - ელჩების როლი, სწორად რომ მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად, ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მოედინება, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ, ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას სჭირდება ეფექტიანი, კონტრსაპასუხო მოქმედებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა 2022 წლის შეჯამებისას აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევა უკრაინაში ომია - „რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი“.

„მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენთვის, ყველასთვის დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და, ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ „უკრაინელ მეგობრებს“ დაეხმაროს. მისი თქმით, ომის დაწყების დღიდან საქართველო მიუერთდა 400-ზე მეტ რეზოლუციას და განცხადებას.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო და, ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან წლის მნიშვნელოვან დადებით მოვლენად ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატება, კერძოდ, ევროპული პერსპექტივის მიღება დაასახელა:

„ჩვენი, ყველას, მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, კარგად გვესმის ყველას, რომ არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ მინდა ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ გაცილებით მეტად - ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ გასაგებია, გვესმის ჩვენ ყველას კარგად, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ომში იმყოფება ქვეყანა. ასევე მოლდოვა ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია. თუმცა, ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს - მოლდოვასა და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის „გონივრული, თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, მაშინ, როდესაც „მთელ მსოფლიოში ეკონომიკის შემცირება, რეცესია და არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი“.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ომიდან გამომდინარე ნეგატიური ეფექტებისა და გავლენების შემცირება, რისკების დაზღვევა და საფრთხეების შემცირება... ამ ვითარებაში ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა ელჩების წინაშე გამოსვლისას.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა. პრემიერ-მინისტრის გარდა, ღონისძიებაზე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე არ მივიდა, რის მიზეზადაც მისმა ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროტოკოლის წესების „უხეში დარღვევა“ დაასახელა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).