საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუმჭვირვალობასა და პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის თქმით, დონორები ვეღარ აირიდებენ პასუხისმგებლობას „დათქმის მოშველიებით, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს არ აგებენ.“
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღეს, 9 თებერვალს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში შალვა პაპუაშვილი წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და ხაზს უსვამს, რომ დაფინანსება „ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების“ მხრიდან არ მოდის.
„აშკარაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია“, - ვკითხულობთ სტატიაში. „ისინი უფრო მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური პარტია, ასეთად რომ დარეგისტრირებულიყვნენ. უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში. თანაც, მთელი ეს ფული უცხოური წყაროებიდან მომდინარეობს. იბადება შეკითხვა, რატომ?“
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პატარა პარტიებთან მუშაობენ და მათ განვითარებაშიც ეხმარებიან.
„ზოგიერთ პარადოქსულ შემთხვევაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ატარებს მათი შემქმნელი პოლიტიკური პარტიის სახელს. ეს პარტიები ორგანიზაციების მიერ აღებულ უცხოურ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, ინტერნეტ-გამოცემა „ტაბულა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ განშტოებებია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები „დროა“ და „ხალხისთვის“ პირდაპირ მათი შემქმნელი პარტიების სახელს ატარებს. ეს უცხოური დაფინანსების პოლიტიკურ ჯგუფებზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის შემთხვევებია, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა“, - წერს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზოგიერთი „ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია“ დახმარებას უწევს „რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ ესხმიან თავს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მას ხშირად არალეგიტიმურად აცხადებენ“.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური მიკერძოება რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს აძლიერებს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალების გავლენის აგენტები ხდებიან, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ.
აქ მთავარი სიტყვა პასუხისმგებლობაა. რადიკალებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ და 2020-2022 წლებში მთავრობა დაემხოთ, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას ქაოსზე და, დიდი ალბათობით, ძალაუფლებაში მოსული დიქტატორული ჯგუფის ქმედებებზე? ეჭვი მეპარება, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მათ დონორებს აეღოთ პასუხისმგებლობა.
რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება. და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელებაზე, რათა ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადავიდეს. მისი თქმით, ეს პერიოდი „გამოწვევებით იქნება აღსავსე“, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქართული სამოქალაქო საზოგადოება იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული. ბოლო დროს ამ მხრივ ზოგიერთი კარგი ნიშანი გამოჩნდა, როგორიცაა მიმდინარე თანამშრომლობა პარლამენტსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ქართულ ეროვნულ პლატფორმას შორის (შემოკლებით, ეროვნული პლატფორმა), რომელიც 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და ფორმალურად აღიარებულია ევროკავშირის მიერ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ამასთან, პაპუაშვილმა გააკრიტიკა ის ორგანიზაციები, რომლებმაც „ეროვნული პლატფორმა“ დატოვეს და განაცხადა, რომ ამის შესახებ პარლამენტმაც და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა პოსტ-ფაქტუმ შეიტყვეს, მაშინ, როცა დონორებმა გადაწყვეტილება წინასწარ იცოდნენ:
„ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, დონორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. დონორები ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას უბრალო დათქმის მოშველიებით, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს არ აგებენ. უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება გავლენიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა“.
პაპუაშვილი გარკვეული ნაბიჯების გადადგმის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, პირველი ნაბიჯი იქნებოდა ფინანსური გამჭვირვალების გაზრდა და არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2016 წელს არსებობდა კარგი წამოწყება, როდესაც 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა „გამჭვირვალების დეკლარაციას“ და ვებ-პორტალზე cso.ge საკუთარი საქმიანობისა და ფინანსების პერიოდული გამოქვეყნების პირობა დადო. „ახლა ხელს არაფერი უშლის ამ პროექტის აღორძინებას, გარდა თავად არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილი ნებისა“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი იქნებოდა დონორების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება იმ საქმიანობაზე, რომლებსაც მათი სახელის გამოყენებით არასამთავრობოები ეწევიან.
„არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები. არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა“, - წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთო პასუხისმგებლობაა - „ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და საერთაშორისო სუბიექტებმა, პოლიტიკური და ფინანსური წვლილის გაღების პარალელურად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“.