საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით 2023 წლის თებერვალში იქნა შემოღებული, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, გიორგი კიკაბიძისა და ოპერატორის, გენადი ქვაჩახიას სახელით მიმართა. პარლამენტმა მოსარჩელეებს „ქართული ოცნების“ წევრისთვის, ირაკლი ზარქუასთვის რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერა.
გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს. GDI მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციდან გამომდინარე, პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა დაუშვებელია.
„გასაჩივრებული ნორმები არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:
- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინების გარეშე;
- გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი არ აფასებს, რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის: ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული;
- გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას, მაგალითად, ოპერატორებს. ამას ადასტურებს მოსარჩელე გენადი ქვაჩახიასთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომელიც სწორედ ტექნიკურად ახორციელებდა ინტევიუს ჩაწერას (მოსარჩელე გახლავთ ოპერატორი) და მას კითხვები არ დაუსვამს რესპონდენტისთვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან“, - აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 6 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომელიც პარლამენტში მუშაობის დროს ჟურნალისტებს შეზღუდვებს უწესებს. კერძოდ, ბრძანება ჟურნალისტებს ავალდებულებს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. ასევე, მათი თანხმობის გარეშე არ გადაიღოს დოკუმენტების, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს. თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დადგენილი წესები დაარღვია, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით აკრედიტაცია ერთი თვით უჩერდება, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში - ექვსი თვით.