ჭიათურელმა მაღაროელებმა, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ხელფასების ზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, შიმშილობა თბილისშიც დაიწყეს. როგორც ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში ამ დროისთვის ოთხი ადამიანი შიმშილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გუშინ გვიან ღამით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიწყებთ შიმშილობას. ამ კარვებში ოთხი ადამიანი უკვე ზის და აცხადებს უვადო შიმშილობის პროტესტს, ვიდრე არ შესრულდება ის მინიმალური, ელემენტარული მოთხოვნები, რაც კომპანიის მიმართ წარვადგინეთ“, - განაცხადა მიქაცაძემ.
მაღაროელები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მათ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და არა მხოლოდ მათი, არამედ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა მოითხოვონ.
„დღეს გვიჭირს ჩვენ, ჭიათურაში დასაქმებულებს, ჭიათურელ სამთოელებს, ხვალ ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე რომ დგას, თქვენთანაც მოაკაკუნებს, თქვენს სამსახურებშიც მოვა და იძულებულები გახდებით, ქუჩაში გამოხვიდეთ და ქუჩიდან დაიცვათ თქვენი უფლებები. არ მივცეთ დამსაქმებლებს უფლება, ასე უუფლებოდ, ასეთ მონურ რეჟიმში გვამუშაონ, კაპიკების, მიზერული თანხების ფასად შეიწირონ ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ესოდენ ძვირფასი დრო და იშოვონ ძალიან დიდი კაპიტალი. რადგან საქართველოს კანონმდებლობა ისე ვერ არეგულირებს ვითარებას, რომ ქუჩაში არ დაგვჭირდეს გამოსვლა, ერთად დგომით, ქუჩიდან, პარლამენტის შენობიდან, ჭიათურიდან, აქციებით, მშვიდობიანი ფორმით დავიცვათ ჩვენი უფლებები“, - აღნიშნა ტარიელ მიქაცაძემ.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების გაფიცვა მე-16 დღეა გრძელდება. გაფიცულების ნაწილი აქციას ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის წინ მართავს. მათგან 11 ადამიანი მე-10 დღეა შიმშილობს: ერთმა პირი ამოიკერა, მეორემ კი თვალები, ხელზე თვითდაზიანებები აქვს მიყენებული კიდევ ერთ მაღაროელს.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
- 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება – 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით;
- პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
- კომპანიაში აუდიტის ჩატარება;
- „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, ერთობლივი სამუშაო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის: თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან; ასევე, სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.
გაფიცული მაღაროელებისთვის ხელფასის 5%-ით მომატება მიუღებელია. ისინი მინიმუმ 20%-იან ზრდაზე არიან თანახმა, რაზეც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორი ლაშა თუთბერიძე ამბობს, ხელფასის დამატებით 15%-ით მომატება კომპანიისთვის 10 მილიონი დოლარის წლიური ხარჯია, დღეს კი ფინანსური ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მილიონ დოლარს შეადგენს.