„პარტიული თავყრილობა“ - ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის სადავო სხდომას აფასებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © აპრილი

ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ, აცხადებენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეკრება, არაკონსტიტუციურია და კანონგარეშეა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ანა ნაცვლიშვილი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „ლელოდან“, აცხადებს, რომ სხდომას მინიმალური სამართლებრივი ლეგიტიმაციაც კი არ აქვს.

„რაც ხდება პარლამენტის შენობაში არის უკანონო, არაკონსტიტუციური, მას არ აქვს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური ლეგიტიმაცია. საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ორი სარჩელი შესული და „ქართული ოცნება“ ისე შეიკრიბა, არ დაელოდა სასამართლოს მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებასაც კი.

არ ვაპირებთ შევუერთდეთ პარლამენტს და მივცეთ პროცესს ლეგიტიმაცია. ჩვენ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქვეყანა არ დარჩეთ რუსეთის მსახურ ხელისუფლებას,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სამართლებრივი გზის ამოწურვის ფონზე, საერთაშორისო მისიის ჩამოსვლა და არჩევნების მიუკერძოებელი გამოძიება მნიშვნელოვანია.

„ქვეყნის შიგნით სიმართლის ძიების არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ საერთაშორისო მისიას ველოდებით. მართალია, პროკურატურა მტკიცებულებებს შლის, როგორც მელა კუდით შლის თავის კვალს - მტკიცებულებებს აქრობს, მოწმეებზე ფსიქოლოგიურად ცდილობს ზეწოლის მოხდენას, თუმცა, ამ სქემაში ჩართული ადამიანები იწყებენ საუბარს და მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ უსაფრთხოების გარანტიები“, - თქვა ნაცვლიშვილმა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის ნორმა, რომ ახალარცეული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა უნდა დანიშნის „ფეხქვეშ გათელა“.

„ის თავყრილობა, რაც საქართველოს პარლამენტშია, არის პარტიული თავყრილობა. ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ დღეს, დარჩება „ქართული ოცნების“ პარტიულ გადაწყვეტილებებად, რომლებსაც არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ქვეყანას ექნება მრავალი მძიმე პრობლემა და დიდი გამოწვევა. რაც უფრო მალე ჩაინიშნება ახალი არჩევნები, მით უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განკარგულების და დიპლომატიური კორპუსის დასწრების გარეშე პირველი სხდომის ჩატარების ანალოგი ქართულ პოლიტიკაში არ ახსენდება.

„ესენი საკუთარ თავებს პარლამენტარობანას ეთამაშებიან. სალომე ზურაბიშვილი არ ხსნის დღევანდელ სხდომას, დიპლომატიური კორპუსის მიღმა ხდება ეს პროცესი. მსგავსი არ მახსენდება, რაც კი პოლიტიკას თვალს ვადევნებ და ცნობიერება მაქვს. საკუთარ თავს ულოცავენ ძალადობის აქტს. მათ არ აქვთ ცივილური, პროგრესული სამყაროს აღიარება, არ აქვსთ ხალხის და დიპლომატიური კორპუსის აღიარება, მათ მხოლოდ მათი ბატონის ლეგიტიმაცია აქვთ“, - განაცხადა ხერხეულიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია „წინააღმდეგობა არ გატყდეს“.

პროტესტის ხარისხობრივად და რაოდენობრივად გასაზრდელად, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ სწრაფი შედეგის მოლოდინი არ შექმნას.

„პროტესტმა იმ ზღვარს უნდა მიაღწიოს, რომლის მიღმაც დაშინების, მოსყიდვის და პროპაგანდის მეთოდები რეჟიმს ვეღარ დაიცავს. ჩვენ ჯერჯერობით ამას ვერ მივაღწიეთ, ეს უნდა ვაღიაროთ, ამის უარყოფა არაფერს კარგს არ მოგვიტანს.

პროტესტი, იმის მიუხედავად, რომ სწრაფი შედეგი არ დგება, არის ინვესტიცია მომავლისთვის. უნდა თვალი გავუსწოროთ რეალობას და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. არაერთხელ მომისმენია აზრი, რომ იმავე მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ ივანიშვილის რეჟიმს, რითაც თავის დროზე ამ ხელისუფლებამ მოიგო. ეგ არის ივანიშვილის მოედანი და ამ მოედანზე მათ ვერ მოვუგებთ. მცდარი და მოწამლული პროპაგანდით მათ შეძლეს ამ ეტაპზე ძალაუფლების შენარჩუნება. არასწორი იყო ომის თემაზე დისკუსიაში არ შეყოლა და დუმილი, რითაც ხალხის დიდ ნაწილზე იმოქმედეს. ამას ჯობდა რთული, მაგრამ საწინააღმდეგო კამპანია გვეწარმოებინა“, - განაცხადა ბოკერიამ.

დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ჩაატარა, სადაც150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო და თავმჯდომარეც აირჩია.

კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. იურისტთა ნაწილი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება არ ჰქონდა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაკანონიერია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).