სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად არის მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს, თუმცა, ბაქომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების დაცვა და უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
დღეს, 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიას 86 600 კვადრატული კილომეტრით, რაც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს.
„თუ ამ საკითხში ერთმანეთის სწორად გვესმის, მაშინ სომხეთი, დიახ, აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვ. კილომეტრით იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიას 29 800 კვ. კილომეტრით.
86 600 კვ. კილომეტრი მთიან ყარაბაღსაც მოიცავს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების საკითხი და მათი უფლებები და უსაფრთხოება ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, სომხურ მხარეს მნიშვნელოვნად მიაჩნია ბაქოსა და სტეფანაკერტს (თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი) შორის მოლაპარაკებებისთვის საერთაშორისო გარანტიების შექმნა.
„მხედველობაში გვაქვს, მაგალითად ის, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი შეიძლება უბრალოდ დავიწყებული იქნეს და აზერბაიჯანმა გააგრძელოს ძალის გამოყენებით მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მან დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ სომხეთის უსაფრთხოების გარანტია მშვიდობაა, რომელიც მხოლოდ ყველა მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების დარეგულირებით არის შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არ არის იოლი პროცესი, მაგრამ ეს არის ის, რაც ხალხს სურს.
დაახლოებით 4400 კვ. კილომეტრი ფართობის მქონე მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, თუმცა მისი მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სომხები შეადგენენ.
„სომხეთი, რომელიც თავის დროზე აცხადებდა, რომ „ყარაბაღი - ეს სომხეთია და წერტილი“, დღეს უნდა თქვას ჩვენი სიტყვები „ყარაბაღი - ეს აზერბაიჯანია და ძახილის ნიშანი“, თუ მან თქვა „ა“, უნდა თქვას „ბ“-ც. სომხეთმა, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთვის, უკვე ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 18 აპრილს მიცემულ ინტერვიუში.
ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან საცხოვრებლად სხვა ადგილი ეძებონ.
25 მაისს, მოსკოვში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.