ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვან გამოწვევებად პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები დაასახელა. დელეგაციის განცხადებით, ამ გამოწვევების უგულებელყოფამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საარჩევნო პროცესების სანდოობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„წინა არჩევნების მსგავსად, გავრცელებულია შეხედულება, რომ ხელისუფლებამ, არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, 2022 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების ბრალდებით საქართველოს პროკურატურაში მასალები წარადგინეს. ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული ბრალდებების შესახებ ღია კომუნიკაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს როგორც მოსახლეობაში, ასევე პოლიტიკურ პარტიებსა და სხვა ჩართულ მხარეებში, იმის თაობაზე, იყენებს თუ არა ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო პოლიტიკური მიზნებისთვის“, - ვკითხულობთ წინასაარჩევნო ანგარიშში.
NDI-ის რეკომენდაციაა, საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრებზე დროული რეაგირება, ხოლო მთავრობამ ყველა საჯარო მოხელეს და საზოგადოებას მკაფიო მესიჯი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება და რომ კანონდამრღვევებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
სადამკვირვებლო დელეგაცია „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსაც აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ცვლილებები, მათ შორის ის ისინი, რომლებიც მესამე მოსმენით იქნა მიღებული 2024 წლის 20 თებერვალს, როდესაც დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, არ შეესაბამება OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს ნდობა ცესკოს მიმართ.
„საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ცესკოს წევრების დასახელების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პარლამენტის თავმჯდომარეზე გადავიდა და არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობაც რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა საჭირო კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედიდან უბრალო უმრავლესობამდე და საბოლოოდ, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერაა საჭირო თავმჯდომარის და პროფესიული წევრების 5 წლის ვადით ასარჩევად.
რაც ყველაზე საყურადღებოა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა. ეს ყოველივე, საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრულ მაღალ ბარიერთან ერთად, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა და ცესკოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია აღნიშნავს, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე ფოკუსირებული პოლიტიკის და მზარდი პოლარიზაციის შედეგად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი.
დამკვირვებლები ხაზს უსვამენ კრიტიკული ხმების ჩახშობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის მცდელობებს. ამასთან, დელეგაცია მიესალმება „პოლიტიკური აქტორების გონივრულ გადაწყვეტილებას“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.
„დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მხოლოდ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობის პირობებშია შესაძლებელი. პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაეროს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის, ეთნიკურად სომეხი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი, პოლიტიკური პროცესების მიღმაა დარჩენილი. NDI აღნიშნავს, რომ ენობრივი ბარიერი წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება - „ხელმისაწვდომი მრავალენოვანი საინფორმაციო გამოშვებების არარსებობის გამო, ეთნიკური უმცირესობები სიახლეების გასაცნობად მიმართავენ რუსულ, სომხურ ან/და აზერბაიჯანულ მედია საშუალებებს, რაც ინფორმაციის ნაკლებობას იწვევს და დეზინფორმაციის მიმართ მათ მოწყვლადობას ზრდის.
საინფორმაციო გარემოსთან დაკავშირებით, NDI-ის დელეგაცია ამბობს, რომ საქართველოში მედია პლურალისტური, თუმცა პოლიტიკურად ძალზე მიკერძოებულია, რაც მნიშვნელოვანი საკითხების დაუბალანსებელ გაშუქებაში გამოიხატება. „არსებითად მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებმა, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდიდან, ისე ოპოზიციური პარტიებიდან, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მაუწყებლის გადაცემებში, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოუსმინოს შინაარსობრივ დებატებს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კანდიდატების პოზიციებს გაეცნოს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
NDI-ის შეფასებით, ვინაიდან ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს.
დადებით ტენდენციებად დასახელებულია მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა; საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ; მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე; გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება; არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.
სადამკვირვებლო დელეგაცია აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემო შეიქმნას და 2024 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია,19-25 თებერვალს, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად NDI საქართველოში გრძელვადიან მისიას გამოგზავნის.