„ცინიკურია, რომ იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „MEGOBARI აქტი“, როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი ამ აქტში. მე ამ კანონს ვუწოდებდი „დაუდზინებელი აქტს“. მოუხდებოდა ამ კანონს ასეთი სათაური. ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებასაც ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
გარდა ამისა, კობახიძემ „ღალატის გაგრძელება“ უწოდა ოპოზიციური პარტიების მიერ კონგრესმენ ჯო უილსონისთვის წერილის გაგზავნას, რომელშიც ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ „MEGOBARI აქტი“ სწრაფად იქნება მიღებული.
„თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-21 წლებში ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ. ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე. დღეს ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ - ვაშინგტონში იმისთვის, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა კობახიძემ.
„MEGOBARI აქტი“ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა მას შემდეგ დააინიცირა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო. ის ითვალისწინებს იმ პირების დასანქცირებას, ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსული კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და აღსრულებაზე.
მეორე მხრივ, „MEGOBARI აქტი“, საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, განსაზღვრავს აშშ-ს დახმარებას, მათ შორის, მოლაპარაკებებს უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
ჯო უილსონი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვას, ქართულ დემოკრატიასა და მის ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა უპასუხოდ დარჩეს.
„MEGOBARI აქტი“ ორპარტიული დოკუმენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლების მხარდაჭერა აქვს.
