საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ახალი სანქციების დაწესება „ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენაა“. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს „გარკვეულმა ძალებმა“, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაციაზე არაფორმალური გავლენა აქვთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ხელი გავუწოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. იცით, რომ ამაში ამერიკის ყოფილი ელჩის [კელი დეგნანი] განსაკუთრებული წვლილი იყო, რა წვლილზეა საუბარი ეს გასაგებია, ამ ფონზე ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ თემაზე ღია ვართ საუბრისთვის. ასეთ პირობებში მსგავსი ნაბიჯები არის კონტრპროდუქტიული“, - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან აშშ-ის ხელისუფლება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გადაამოწმებს, რამდენად მოხვდება სანქციების საკითხი დამკვირვებლების დასკვნებში.
„გვესმის, რომ არის წინა საარჩევნო პერიოდი. ისიც გვესმის, რომ არის გარკვეული პრობლემები - ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ მსგავსი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო, ძალიან მკვეთრი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ასეთი ნაბიჯებით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება მოუტანა. ყველას ვურჩევ, რომ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა თავის დროზე ასეთი რეჟიმს ხელისუფლებაში მოყვანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ სანქცირებულმა ზვიად ხარაზიშვილმა და მილერი ლაგაზაურმა ქვეყანას რევოლუცია აარიდეს თავიდან.
„განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. მე შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს ჩვენს ქვეყანას თავიდან, უკვე ორჯერ 2020 წლიდან მოყოლებული და მათ ასანქცირებენ.
ასეთ დროს საზოგადოებას რომ უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა ვინმეს მესამედაც სცადოს რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია (ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს განცდა ხომ ჩნდება), ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ მომავალში ველით ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას სახელმწიფო ინტიტუტების მიმართ და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.
16 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. სანქცირების საფუძველი რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის დროს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მათი მონაწილეობაა.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. სანქცირებულთა სახელები და გვარები არ სახელდება, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, მათ შორის არიან მთავრობის და მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, ბიზნესის ხელმძღვანელები, პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.