პრეზიდენტი მთავრობას ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართვის გამო აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში „ჩინელების ამ დოზით შემოყვანა“ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის დანის ჩარტყმაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიის“ ხელმომწერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ფოკუსი რუსულ კანონზე იყო გადატანილი, რის გამოც მთავრობის სხვა გადაწყვეტილებებს საჭირო ყურადღება ვერ მიექცა.

„ჩვენ არ მივაქციეთ საჭირო ყურადღება ოფშორების კანონს, რომელიც ყველაფერია, გარდა გამჭვირვალეობისა, რომელი სიტყვაც ძალიან მოსწონთ ხოლმე. ამ შემთხვევაში, ეს ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ყველასთვის უცნობი, სხვადასხვა კაპიტალისათვის ხსნის. ასევე საარჩევნო კოდექსში მიღებული იქნება ცვლილებები, რომელიც  აუარესებს მას, თუმცა ამასაც გავუმკლავდებით.

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია, მაგრამ ეს საპენსიო ფონდის შექმნა ერთ-ერთი ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევაა, რითაც შეიძლებოდა, „ოცნებას“ რაღაცნაირად თავი მოეწონებინა, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინაროებს, ამ საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადასვლა, ძალიან საშიში მიმართულებაა. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში, ამ დოზით ჩინელების შემოყვანა ჩვენს ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებისათვის დანის ჩარტმაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

30 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ პროექტში კერძო ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება. საუბარია კომპანიებზე China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) და China Harbor Investment (სინგაპური), რომლებსაც ორი ქვეკონტრაქტორი - China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International ჰყავთ.

ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული. აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზე, სადაც სანქციების სიებია, CCCC ჩინური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების სიაშია (NS-CMIC list). ამ სიაში შედიან სუბიექტები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დავალებით სამხედრო და სათვალთვალო ტექნოლოგიებში არიან ჩართული. სანქციების სიის შედგენა ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი გააგრძელა და გააფართოვა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წლის 3 ივნისის აღმასრულებელი ბრძანება ზღუდავს ინვესტიციებს ჩინურ კომპანიებში, მათ შორის CCCC-ში და ეფუძნება განცხადებას, რომ ეს კომპანიები საფრთხეს უქმნიან შეერთებულ შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან კავშირის გამო.

2020 წელს სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ CCCC ხელს უწყობს ჩინეთის სამხედრო ექსპანსიას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში - ფართომასშტაბიანი გათხრების, ხელოვნური კუძულების აშენებითა და მილიტარიზაციის გზით. გარდა ამისა, აშშ-ის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ CCCC მართავს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ჰპირდება ახალ ინფრასტრუქტურას, თუმცა ამის ნაცვლად მათ აწვდის უხარისხო მშენებლობას, არღვევს შრომით უფლებებს, იწვევს „არამდგრად ვალს“ და გარემოს ზიანს აყენებს. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა, თაღლითობის გამო, CCCC დაასანქცირა და რვა წლით აუკრძალა მის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარყოფს, რომ ჩინური კომპანია სანქცირებულია. სამინისტროში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია ე.წ Entity List-ში შეიყვანა, რაც  „გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას“.

შეკითხვაზე, რატომ არ დაინტერესდნენ ანაკლიის პორტის პროექტით სხვა კომპანიებიც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ამაზე პასუხი არ აქვს“. „რომ ყოფილიყო ინტერესი კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, მათ არ გაუჭირდებოდათ ინვესტორის ჩართვა ამ პროექტის განხორციელებაში. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა აშენდეს - სახელმწიფოს 51%-იანი წილი ექნება, ხოლო კერძო ინვესტორს - 49%.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.