ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის შესაძლებლობა გადააზრებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პრეზიდენტის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე ქმნის მომენტს შემდგომი გადააზრებისთვის.
არსებული ფორმით კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს საქართველოში, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მოსახლეობა უჭერს მხარს. მე ვაგრძელებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას“, - აცხადებს შარლ მიშელი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 მაისს, ვეტო დაადო „ქართული ოცნების“ კანონს, რომელიც „თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსულია“. ზურაბიშვილის თქმით, რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, ის არის შეფერხება ქვეყნის ევროპულ გზაზე.
„ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, ძალიან მარტივი ვეტოა - ეს კანონი უნდა გაუქმდეს!“, - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვეტო იურიდიულად სრულიად გამართულია და დღესვე გადაეცემა პარლამენტს.
ვეტოს დაძლევისთვის პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობას - „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ კი - 83 ხმა აქვს. ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას კენჭს ხელახლა უყრის. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს ხელს ისევ არ მოაწერს, მაშინ მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ამოქმედებულად ჩაითვლება.
პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გარდა, კანონის სასარგებლოდ ხმა მისცა „ევროპელი სოციალისტების“ ორმა წევრმაც. „ქართულმა ოცნებამ“ კანონის საბოლოო ვარიანტში შეიტანა ცვლილება, რომელიც ფიზიკურ პირებს აკისრებს ვალდებულებას, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ. სამინისტროს შეეძლება მოითხოვოს ისეთი მონაცემიც, რომელიც დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.