პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე 2010 წლიდან დღემდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრია. აქვს მიწვეული ლექტორის და პროფესორის სტატუსი რამდენიმე უნივერსიტეტში, სადაც ლექციებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კითხულობს. გიორგი ბაქრაძეს განათლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული.
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი დიმიტრი ჯაფარიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი და „ზირაათ ბანკი - საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია. 2013-2016 წლებში მოპოვებული აქვს სტიპენდიები კოლუმბიის (აშშ), ლიმერიკის (ირლანდია), კენტუკის (აშშ) და კემბრიჯის (გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტებში, სადაც მიწვეული მკვლევარი იყო.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენა პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირების საგანი გახდა. მმართველ პარტიას სურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთ კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარედგინა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ 7 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტთან არსებობდა შეთანხმება, რომ თუ ის პარლამენტს ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად ლაშა ხუციშვილს წარუდგენდა, პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევდა. პრეზიდენტმა ხუციშვილის წარდგენაზე უარი თქვა. როგორც ადმინისტრაციამ განმარტა,სალომე ზურაბიშვილს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რაც გამყარდა „მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით“.
13 ივნისს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე ვეტო 82 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაძლია. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის პოზიცია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციური ორგანოს მმართველობაში უხეშ ჩარევას გამოიწვევს და მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აღიქმება.
ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება ხდება. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კანონში ცვლილებების შეტანის რეალური მიზანი ეროვნულ ბანკზე „ქართული ოცნების“ კონტროლის დამყარებაა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი, წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს.