საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ვერ ჩაატარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ უნივერისტეტში საჯარო ლექციის ჩატარებისთვის სასურველი პერიოდი არ იყო.
„უნივერსიტეტში იმ დროს იყო საგამოცდო პერიოდი და მაშინ უნივერსიტეტი თავიდან ბოლომდე გადართულია ამ ორომტრიალზე. ამასთან, მე თვითონ არ ვიყავი საქართველოში. აქედან გამომდინარე, არ არის სასურველი პერიოდი იმისთვის, რომ ჩატარდეს ასეთი ღონისძიება. ჩვენგან მიწოდებულია ასეთი ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდია, ლექციები არ არის, სტუდენტები არ დადიან და ბავშვები მოდიან მხოლოდ გამოცდებზე. მერე უკანვე მიდიან სახლში, სამეცადინოდ“, - განაცხადა რექტორმა.
კითხვაზე, საჯარო ლექციის ჩატარების შესახებ პრემიერ-მინისტრისგან რომ მიეღო მიმართვა, მასაც უარს ეტყოდა თუ არა, შალვა კირთაძემ უპასუხა: „მასაც ვეტყოდით იმას, რომ ასეთ პერიოდს, მოდი, ხომ არ აჯობებს სხვა პერიოდი, იმიტომ, რომ ახლა სტუდენტისთვის მთავარი საფიქრალი არის სწავლა. ჩვენ ყველას ამას შევთავაზებდით“.
ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორის თეონა ხუფენიას თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი თარიღზე შეუთანხმებლობის გამო ვერ შედგა.
„ჩვენ საჯარო ლექციაზე კი არ ვთქვით უარი, მითითებული იყო თარიღი, როცა უნდა მობრძანებულიყო და იმ თარიღისთვის მე არ ვიმყოფებოდი. შესაბამისად, მოადგილემ მიაწოდა ამის შესახებ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, საპატივსაცემოა, უდიდესი ინსტიტუციაა და ლოგიკურად, სჭირდება შესაბამისი რანგი. თვითონ ადმინისტრაციამაც ჩათვალა, რომ ვერ შედგებოდა ის შეხვედრა“, - აღნიშნა ხუფენიამ.
30 ნოემბერს, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა სალომე ზურაბიშვილს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს. სტუდენტური მოძრაობა პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში მოქალაქეების, მათ შორის, სტუდენტების ხელმოწერებს აგროვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჯარო ლექციებზე უარის თქმის საკითხს არ გამოხმაურებია, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს უნივერსიტეტში ხელმოწერების შეგროვება დაუშალა.
„ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის რაღაც გულგრილობა. მე ვიყავი ახლა სოფლებში.
ჩემთვის გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინი ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანია მხოლოდ ერთი – საქართველოს ევროპული გზა.
არანაირი სხვა პოლიტიკური, რაღაც შიდაპოლიტიკური ძახილები იქ არ არის და აქ არმისვლა კიდევ უარესია ბავშვებისთვის. სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის.
თსუ-ს რექტორი არ აძლევს სტუდენტებს უფლებას, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერონ ძალიან მარტივ განცხადებას. ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლება, რადგან ეს არის ვითომ რაღაც პოლიტიკური ღონისძიება.
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არის სხვა რამ, რაც ყველგან, ყველა სივრცეში უნდა იყოს თავისუფალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ ერთი თვის წინ დაიწყო და პეტიცია დააინიცირა, რომლის ხელმომწერები ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი შეხვედრებს რეგიონებშიც მართავს.