საქართველოში მოსული უხვი ნალექის შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში არსებული მდგომარეობა კითხვის ნიშნებს აჩენს. იმის გამო, რომ თითქმის ერთი თვეა საკურთხევლის თავზე თუნუქის დროებითი გადახურვა მოხსნილია, სპეციალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა წყალმა ტაძრის შიგნითაც შეაღწია და კონქის ქვეშ მე-12 საუკუნის უნიკალური მოზაიკა კიდევ უფრო დააზიანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დადასტურებული ინფორმაცია, ჩავიდა თუ არა წყალი, ჩვენ არ ვიცით. ვხელმძღვანელობთ გადახურვის ფოტოებით, რომელიც გელათიდან გავრცელდა. თითქმის ერთი თვე თუნუქის დროებითი გადახურვა, რომელიც საკურთხევლის კონქს ჰქონდა, მოიხსნა. რა მიზეზით მოიხსნა, ჩვენთვის უცნობია. დადასტურებულად ცნობილია, რომ ის კრამიტი, რომლის ქვეშაც არის მოზაიკა, დაზიანებულია და წყალს ატარებს. მთელი თვის განმავლობაში ბევრჯერ იყო წვიმა და სავარაუდოდ, წყალი შიგნითაც ჩავიდა, რადგან კრამიტი დაზიანებულია და სხვა დამცავი საშუალება აღარ არსებობდა“, - ამბობს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია.
ჩუბინაშვილის ცენტრი, რომელიც გელათის შესახებ კრიტიკული ანგარიშის ავტორია, პროცესების მიღმაა დარჩენილი. ცენტრის თანამშრომლები გელათში ბოლოს თებერვალში იმყოფებოდნენ. მათ ღვთისმშობლის მოზაიკაზე გამომარილების კერები, ასევე ნესტი და კენჭების ცვენა დააფიქსირეს.
„კომიტეტი ვალდებულია გააცნოს საზოგადოებას და დაასაბუთოს ყველა გადაწყვეტილება. ეს ვნებათაღლევა, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული, უნდა განიმუხტოს.
პასუხისმგებლობა, ცხადია, კომიტეტს ეკისრება იქ განვითარებულ პროცესებზე, მაგრამ იმავდროულად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გელათში პროცესი წარიმართოს საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც იუნესკოს სიაში მყოფ ძეგლს ეკუთვნის. კომიტეტმა უნდა განმარტოს, თავისი გადაწყვეტილებები, გვითხრან რა მდგომარეობაა, გაასაჯაროონ მოზაიკის უახლოესი ფოტოები“, - აღნიშნავს მაკა ბულია.
მოზაიკის სავალალო მდგომარეობის შესახებ ივლისის დასაწყისში მოზაიკის სპეციალისტი, რომის არქეოლოგიისა და კონსერვაციის ინსტიტუტის დირექტორი, რობერტო ნარდი საუბრობდა. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ის ამბობდა, რომ მოზაიკის 89% დაძრულია საფუძვლიდან და აღარ მდებარეობას იმ ადგილას, სადაც თავიდან იყო. „ყველა გამოკვლევით და შესწავლით დგინდება, რომ ამ მოზაიკას არ გააჩნია უნარი, რაიმე სახის დამატებით გავლენას გაუძლოს. ეს იქნება მიწისძვრა თუ ნებისმიერი რხევა, რომელიც გამოწვეული იქნება სხვადასხვა ქმედებით“, - ამბობდა იტალიელი სპეციალისტი.
„ფაქტობრივად, მთელი თვე, რომელიც იყო ძალიან წვიმიანი, გავწირეთ გელათი. ცნობები მოდის წამყვანი სპეციალისტების მხრიდან, რომ უნიკალური მოზაიკის 80% არის დაზიანებული. ამბობენ, ეს მოზაიკა ხომ არ მოიხსნას საერთოდ. ახლა არის განგაშის ზარი ასატეხი“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის დირექტორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) ინფორმაციას, რომ თუნუქის გადახურვის მოხსნის შედეგად შესაძლოა ტაძარში წყალი ჩასულიყო, უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ბოლო თვეებში მოზაიკის „მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა“.
„ვერ გავიგე, რა გვინდა ამ ქართველებს - გადავხუროთ თუ არა გელათი ერთიანი გადახურვით?! ამას გვეუბნება იუნესკო და ამას ვახორციელებთ. საჭირო იყო მოგვეხსნა ის ხარაჩო, რომელსაც ეყრდნობოდა აბსიდის გადახურვა. ჩვენ მხოლოდ აბსიდის (სადაც მოზაიკაა) გადახურვას ავხსენით თუნუქი, რაც გარდაუვალი იყო იმის გამო, რომ ის მთლიანად, 100%-ით დაყრდნობილი იყო გარე ხარაჩოს. სამუშაოების დაწყებიდან ზუსტად ორ კვირაში, ისე რომ არცერთხელ არ გაწვიმებულა, გადავაფარეთ სპეციალური გადასახური მატერია. დაცულია აბსიდის მონაკვეთი - შეიძლება რამდენიმე წვეთი მოხვდეს გვერდებიდან. გარდა ამისა, ძეგლის კვლევის ისტორიაში არ დაფიქსირებულა, რომ აბსიდი განიცდიდა წლის ინფილტრაციას, ანუ ეს გადახურვა იყო ნორმალური.
გველაპარაკება ხალხი, რომელიც ათობით წელი იყო ამ საქმეში და მოზაიკა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ჩვენ რომ არ მოგვესწრო, მოზაიკის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, ჩამოვარდებოდა“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.
რაც შეეხება, მოზაიკის მოხსნას, მამა კირიონის თქმით, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება: „თუ რობერტო ნარდი იტყვის, მოზაიკა რომ გადავარჩინო, მოსახსნელია, უნდა დამუშავდეს საფუძველი და მერე ისევ უკან მივამაგრებ, ესე იგი, ეს ალბათ ასეა, მაგრამ ამ ადამიანს არსად არასოდეს უთქვამს, რომ მოზაიკა მოსახსნელია და სხვა გზა არ არის. არა! ეს ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერი მაქვს კონტროლის ქვეშ, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვერაფერს დავამტკიცებ, სანამ კვლევებს არ მოვრჩები“.
გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციას კულტურის სამინისტრო ახორციელებდა, თუმცა 2023 წლის თებერვლის ბოლოს, უწყებამ სამუშაოები საპატრიარქოს გადააბარა და შედეგად, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი შეიქმნა. ამას წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება იმის შესახებ, რომ გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-2019 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო, 2021 წელს კი კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.