„საკმარისად ცხადია, რომ გელათის მოხატულობებთან პროცესების განვითარება თუ ასე შენარჩუნდა, ქართული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის ამ უნიკალური საგანძურის განადგურების პერსპექტივა აბსოლუტურად რეალურია“, - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მოხატული ტაძრების კონსერვაციის პრობლემებზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, კრიტიკულ და საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს. ანგარიშში, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიმართვის საფუძველზეა მომზადებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტია გამოვლენილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გელათში მასშტაბური საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლიდან დაიწყო. მოჭიქული კრამიტით 2010-2011 წლებში გადაიხურა მცირე ნაგებობები - სამრეკლო და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, შემდეგ წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათი და ბოლოს, 2016-2019 წლებში - დიდი ტაძარი. მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი მასალის საფუძველზე ივარაუდება, რომ სამონასტრო ნაგებობების და მათ შორის, დიდ ტაძარს თავდაპირველად მოჭიქული კრამიტის სახურავები უნდა ჰქონოდა.
დიდი ტაძრის გადასახურად გამოყენებული მოჭიქული კრამიტების (განსაკუთრებით თეთრი კრამიტების) დაბალი ხარისხი ექსპერტთა ანგარიშებში არაერთხელ აღინიშნა.
ჩუბინაშვილის ცენტრის სპეციალისტების შეფასებით, კიდევ უარესი იყო კრამიტის დაგების და მთლიანად, სახურავის მოწყობის მეთოდი და ხარისხი -
სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე. სახურავში წყლის ჩაჟონვის მიზეზი გახდა არა მხოლოდ და არა იმდენად უხარისხო კრამიტი, რამდენადაც მისი არაპროფესიონალურად დაგება, არასწორად გაკეთებული ღარები, წყალსაწრეტები, კვანძები და შეერთებები კედლებთან.
„დაუდევრად გაკეთებული საქმე ზედაპირული დათვალიერებითაც თვალსაჩინოა - კრამიტების გადაბმისა და მათი კედლებთან შეერთების ადგილებში უხვად არის გამოყენებული ავთენტურ მასალასთან არათავსებადი არაორგანული მასალები: სილიკონი, ქაფ-შემავსებელი, ცემენტი ან ცემენტისა და კირის ნაზავი. ბუნებრივია, ასეთი სახელდახელო საშუალებებით სახურავის მონოლითური ერთიანობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი.
შედეგად, რამდენიმე წლის მანძილზე ყოველი ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ლიტრი წყალი ხვდებოდა კედლებსა და კამარებში. ზოგჯერ წყალი გზას პოულობდა და თქრიალით მოედინებოდა ინტერიერში (მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ აფრიდან), უდიდესი ნაწილი კი შენობამ შეიწოვა, რამაც უმძიმესი გავლენა იქონია კედლის მხატვრობაზე“.
ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი მეთოდოლოგიურ შეცდომას უწოდებს კრამიტის სახურავის მოწყობას არა ხის ნივნივებზე, რომლებიც სხვენს ქმნის და შენობის თავისუფალი განიავების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ერთიან მყარ მასაზე, რომლითაც მთლიანად ამოივსო სივრცე კამარებსა და სახურავს შორის:
„ეს შემავსებელი მასა ტაძრის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა მასალითაა (ცემენტის ქაფი, პემზა, სამშენებლო ნარჩენები და სხვა) შექმნილი, თანაც ისე, რომ გადაწყვეტილებები თუ რა მასალა უნდა გამოეყენებინათ, მიიღებოდა გზადაგზა, სახელდახელოდ, წინასწარი პროექტის გარეშე (2021 წელს მოწვეულ ექსპერტებს უგო ტონიეტისა და სარა სტეფანინის სახურავის შემავსებელი მასალების დადგენა იქ მომუშავე ხელოსნის ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე მოუწიათ, სათანადო დოკუმენტაცია მათ ვერ მიაწოდეს). წყლის ჩაჟონვის შემდეგ ბევრგან ეს მასალა თავადაც გაიჟღინთა და კედლებთან ერთად, დიდი დამატებითი ნესტიანი მასა შექმნა. უგო ტონიეტისა და სარა სტეფანინის შეფასებით, ეს მასა ტაძარზე მოქმედებს როგორც „სველი საფარი“.
კრამიტების დასამაგრებლად სახურავის ფერდებზე გამოყენებული იქნა ლურსმნები, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა და საქართველოს საეკლესიო მშენებლობაში სულ ცოტა მეათე საუკუნიდან არის ცნობილი (ხახული, ოშკი). სათანადო ყურადღება ხარისხს არც აქ მიექცა - ამჟამად ლურსმნები ბევრგან დაჟანგულია.
2020 წლიდან გელათის მთავარი ტაძრის შენობა დაფარულია თუნუქის დროებითი სახურავით, რომელიც ზემოდან ადევს კრამიტებს. ის იცავს შენობას წყლის ინფილტრაციისაგან, მაგრამ აფერხებს კედლებისა და კამარების გაშრობის პროცესს. დროებითი სახურავის მოწყობისას განმეორდა იგივე შეცდომა, რაც იქნა დაშვებული კრამიტების დაგების დროს - ის საკმარისად არ არის გამოწეული კედლებიდან.
დროებითი სახურავის რამდენიმე წყალსაწრეტი მილი წყლის სახურავიდან გამართულად გადაყვანას ვერ უზრუნველყოფს, მითუფრო, რომ ზოგიერთი უკვე დაზიანებულია და სახელდახელოდ ამოულესავთ.
ტაძრის სხვა ნაწილებზე კრამიტის სახურავი აღებული არ არის. სახურავის ნაწილობრივმა მოხსნამ გამოიწვია შენობის არათანაბარი გაშრობის პრობლემა. ტენის აორთქლება ამ მიმართულებით წარიმართა, რამაც დასავლეთი მკლავის კედლის მხატვრობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა“.
ჩუბინაშვილის ცენტრის სპეციალისტებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც გელათის მთავარ და წმინდა გიორგის ტაძრებზე უნდა მოეწყოს მყარი დროებითი გადახურვა, რაზეც 2020 წლის ზაფხულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ უარი თქვა იმ მიზეზით, რომ გელათისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარების გათვალისწინებით რისკებთან იყო დაკავშირებული - თუ ქარი ამხელა ნაგებობას წააქცევდა, ის ტაძარს დიდ ზიანს მიაყენებდა. ჩუბინაშვილის ცენტრის რეკომენდაციით, დროებითი გადახურვა უნდა დააპროექტონ და ყველა ეტაპზე განახორციელონ უმაღლესი კვალიფიკაციის საერთაშორისო სპეციალისტებმა, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება.
„არსებითია, რომ შენობა ერთიანად განთავისუფლდეს სახურავისგან, რათა კედლებისა და კამარების გაშრობის პროცესი თანაბრად წარიმართოს და აღარ მოხდეს ანაორთქლი ნესტის კონცენტრაცია ცალკეულ ადგილებში, როგორც ახლა ხდება. გელათის ტაძრის კედლების სრულ გაშრობას შეიძლება სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს, რადგან შენობის ქსოვილის ყოველი 25 სმ-ის გაშრობას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. თუ როდის უნდა გაკეთდეს ახალი მუდმივი სახურავი, შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ პროცესებზე დაკვირვებისა და დამატებითი კვლევების შედეგად“, - ნათქვამია ანგარიშში.
ჩუბინაშვილის ცენტრი აკრიტიკებს კულტურის სამინისტროს იმისათვის, რომ გელათის ტაძრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა: „წინა წლებში არსებული სამეცნიერო მეთოდოლოგიური კომპონენტი (საბჭოები, რეცენზირება და ა.შ.) ამჟამად ყველა ეტაპზე უგულებელყოფილია. უცნობია სამუშაოთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმი. სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და არაერთი საერთაშორისო ქარტიის მოთხოვნების საპირისპიროდ, პროფესიული წრეებისთვისაც კი რთული მოსაპოვებელია, და, შესაძლოა, უცნობიც. არ არის შესრულებული მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის, 2021 წლის 16-31 ივლისს გამართული 44-ე სესიის დადგენილებაში გელათთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული მკაფიო მოთხოვნები:
- არ არსებობს ძეგლის მართვის კომიტეტი;
- არ მოქმედებს ძეგლის მართვის გეგმა, რომელიც უკვე არსებით განახლებას საჭიროებს;
- არ არის შემუშავებული ძეგლის კონსერვაციის გეგმა, სამუშაოები კი ქაოსურად და ფრაგმენტირებულად მიმდინარეობს;
- გელათის საკითხებთან მიმართებით სრულიად ფორმალურია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს როლი;
- არ მოწყობილა მოხატული ტაძრების ერთიანი დროებითი გადახურვა“.
ანგარიშის ავტორები როგორც უკიდურესად შემაშფოთებელ მეთოდოლოგიურ დარღვევას, საგანგებოდ ცალკე გამოყოფენ გელათში ორიგინალ ბათქაშზე რესტავრატორების ჩარევას - „მათ მიერ ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება არსებითად, მხატვრობის ფალსიფიკაციას წარმოადგენს და აზიანებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სახეს.
მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ დასავლეთი მკლავის მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევები პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა - მას არ გაუვლია პროფესიული შეფასების, რეცენზირების თუ დამტკიცების არცერთი რგოლი.
ძეგლთა დაცვის სისტემაში საბჭოთა დროიდან მოყოლებული გარკვეული ვარიაციებით მუდამ არსებული პროფესიული რგოლები, რომლებიც მხატვრობის სამეცნიერო მეთოდოლოგიის შეფასებას ახდენდა, ამჟამად გაუქმებულია. შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია არ არსებობს, არსებულ ანგარიშში სარესტავრაციო ჩარევებზე არაფერია ნათქვამი. არსად გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია. გელათის მოხატულობებთან დაკავშირებით, დარგის მესვეურთა უკლებლივ ყველა განცხადებაში მხოლოდ გადაუდებელი ღონისძიებებზეა საუბარი. არათუ რესტავრაცია-რეკონსტრუქციის, არამედ სრული კონსერვაციის შესახებაც კი არსად გაკეთებულა განცხადება. საყურადღებოა, რომ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არც ხელშეკრულებათა ტექსტებშია შეტანილი, ხელშეკრულებებში შესყიდვის ობიექტად დასავლეთი მკლავის მხატვრობის „სრული კონსერვაცია“ არის განსაზღვრული და არა - რესტავრაცია, რომელიც სქემატური და ქრომატული აღდგენების სახით არის განხორციელებული.
ამგვარი თვითნებობა, ცალკეულ რესტავრატორთა გემოვნებას დაფუძნებული მხატვრული ინტერპრეტაციები, არა მხოლოდ მოხატულობის, ავთენტური სახის შელახვას და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას წარმოადგენს, არამედ პროფესიულ ეთიკასაც უხეშად არღვევს. მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ სამუშაოები არასტაბილურ გარემოსა და მხატვრობის მიმდინარე აქტიური დაზიანებების პირობებშია შესრულებული. ნიშანდობლივია, რომ დაზიანებების აქტივიზაციის პროცესი, მარილის კრისტალიზაციის, ფერწერული ფენის გაფხვიერებისა თუ აქერცვლის სახით, სამუშაოების შესრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ უკვე თვალსაჩინოა მოხატულობის აღდგენილ მონაკვეთებთან.
საბოლოოდ, გელათის მოხატულობის კონსერვაციისა და რესტავრაციის შედეგები სავალალოდ და უკიდურესად შემაშფოთებლად უნდა შეფასდეს - მით უფრო, რომ ეჭვს არ იწვევს, დროთა განმავლობაში, არასწორი მეთოდოლოგიით წარმართული საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ნეგატიური ეფექტის გაძლიერება, მითუფრო, დღემდე მოუგვარებელი გადახურვის საკითხის ფონზე“.
გენერალურ პროკურატურაში „საქართველოს ამბებს“ უთხრეს, რომ გელათის ტაძრებში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აქვს დაწყებული.
ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ, გუშინ, ამ საგანგაშო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრის საქმიანობას, მათ შორის, ფინანსურ ნაწილს კულტურის სამინისტროს აუდიტი შეისწავლის. ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, აუდიტის შესვლას, გელათის ტაძრებზე მათ კრიტიკულ დასკვნას არ უკავშირებს და ამბობს, რომ სამინისტროს აუდიტი მათ პერიოდულად ამოწმებთ წლის დასაწყისში. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 2022 წლის მარტში, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე სწორედ სამინისტროს აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლა. ჩხეიძის თქმით, პირველი უთანხმოება წულუკიანთან, ჯერ კიდევ მინისტრად დანიშვნამდე უკავშირდებოდა სალომე ჯაშის ფილმს „მოთვინიერება“. ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, 2016-2019 წლებში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში გიგანტური ხეების მოთხრას და ზღვით, შეკვეთილში, თავის დენდროპარკში გადატანას ეხება. ფილმი კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი.
ამ თემაზე:
გელათის ტაძრის კედლის მხატვრობის დაზიანება არის მძიმე და დაკარგვის პროცესშია - დასკვნა