„ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს საბოლოოდ პოზიციების შეთანხმება. კანონპროექტი მიმდინარე საშემოდგომო სესიის განმავლობაში დაინიცირდება“, - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„საქართველოს ამბებმა“ კანონპროექტი ექსკლუზიურად მოიპოვა. კანონპროექტს ტურიზმის სექტორში მთელი რიგი რეგულაციები შემოაქვს - სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების სუბიექტების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, მათ შორის, გიდების. სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლები ტურისტებს სერტიფიცირების გარეშე ვეღარ მოემსახურებიან. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ადგილებში ტურისტულ გიდად მუშაობის უფლება მხოლოდ ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელ პირებს ექნებათ. ამ მოწმობას კი პირი ვერ მიიღებს, თუ მას კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება. კანონპროექტი დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 3000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.
კანონპროექტით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და კოორდინაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ტურიზმის მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელიც ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული საჯარო და კერძო დაწესებულებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება.
სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების სუბიექტების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. მათ შორის მოიაზრება ტუროპერატორის, ტურაგენტის, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების მონაწილის, განთავსების, დროის განაწილების, ტურისტული გიდის, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები; მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების/აქტივობების სია და განხორციელების წესი ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება.
სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების მოპოვება (სერტიფიცირება) სავალდებულო ხდება.
საქმიანობის განსახორციელებლად ტურისტული გიდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- მიაღწია 18 წლის ასაკს;
- არ არის ნასამართლევი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის;
- ფლობს ქართულ ენას (B2 დონე) და ფლობს უცხო ენას (B2 დონე, რომელ ენაზეც ახორციელებს მომსახურებას).
კანონპროექტით, საქმიანობის განხორციელებისათვის ტურისტული გიდის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითია;
ტურისტულ გიდს ოფიციალური სამკერდე მოწმობა ექნება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. თუ გიდს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება, მოწმობას ვერ მიიღებს. ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელი პირი სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან თავისუფლდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ადგილებში ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელ პირებს ექნებათ.
დანიშნულების მართვის ორგანიზაციებს (DMO) სტატუსს მიანიჭებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უნიფიცირებულ სტანდარტებს ტურისტულ პაკეტთან და კომბინირებული მოგზაურობის მომსახურებებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ხდება ტურიზმის თითოეული სახეობისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს შეღავათები, დაადგინოს შესაბამისი საქმიანობის სუბიექტებისთვის სტატუსის მოპოვების ან/და გაუქმების წესი, პრინციპები და პირობები.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურიზმთან დაკავშირებული დირექტივებიდან გამომდინარე, კანონპროექტი მნიშვნელოვან სიახლეებს მოიცავს:
ტუროპერატორები ვალდებულები ხდებიან იქონიონ ფინანსური უზრუნველყოფა მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო კონკურენციის ეროვნული სააგენტოა. კანონპროექტით, ტუროპერატორის აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველ ორგანოდ სწორედ ეს სააგენტო განისაზღვრა.
ტუროპერატორს ასევე ეკისრება ტურისტისთვის წინასახელშეკრულებო ინფორმაციის ამომწურავად მიწოდების ვალდებულება.
კანონპროექტი ახლებურად განმარტავს „ტურისტული პაკეტს“. განმარტებითი ბარათის მიხედვით, დირექტივის წინა ვერსია (1990 წლის), პაკეტს განმარტავდა, როგორც ტუროპერატორის მიერ, 2 ტურისტული მომსახურების გაერთიანების შედეგად შექმნილ პროდუქტს (პაკეტს). ინტერნეტის და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად პაკეტის შექმნა (ანუ 2 ტურისტული მომსახურების გაერთიანება) უკვე სხვადასხვა სახის მოქმედებებით არის შესაძლებელი, მაგალითად, თავად ტურისტს შეუძლია ტუროპერატორის ვებგვერდზე აირჩიოს რამდენიმე მომსახურება და თავად შექმნას სასურველი პაკეტი.
ახალი წესებით ტურისტს შეუძლია უარი თქვას პაკეტზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ პაკეტის ღირებულების ზრდა 8%-ზე მეტია. ტურისტს ტუროპერატორის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში უფლება აქვს: დაეთანხმოს შემოთავაზებულ ცვლილებებს ან შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გადახდის გარეშე.
კანონპროექტი ტუროპერატორს ავალდებულებს, თუ ტურისტის უკან დაბრუნება შეუძლებელია, განთავსების საშუალებით უზრუნველყოს.
ტურისტს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 14 დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი ეძლევა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კარგად შეისწავლოს პროდუქტი და სურვილის შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე ყოველგვარი ზედმეტი გადასახდელის ან დანახარჯის გარეშე.
კანონპროექტი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ზომებს ტურიზმის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის:
- სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა დაჯარიმდება 1000 -დან 2000-მდე ლარით.
- ტურისტული გიდისა და სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის მიერ საქმიანობის განხორციელება საიდენტიფიკაციო მოწმობის ტარების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.
- მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით - გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1500 ლარამდე ოდენობით; ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1600-დან 3000 ლარამდე ოდენობით;
- ტუროპერატორების და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოფის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
- ტუროპერატორის მიერ ტურისტისათვის დახმარების აღმოუჩენლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
- ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
- ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულების ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
- მოვაჭრის მიერ ტურისტისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასრულად მიწოდება - გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარამდე ოდენობით.
- კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
- ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობა ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭების გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
- „ტურიზმის შესახებ“ კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
- მოვაჭრის მიერ წინასახელშეკრულებო ინფორმაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოში ამ დრომდე 1997 წელს მიღებული ტურიზმის შესახებ კანონი მოქმედებს, რომელიც ექსპერტების თქმით, ვერ პასუხობს მსოფლიო ტურიზმში დღეს არსებულ გამოწვევებს. კანონით არ არის განსაზღვრული ტურისტთა უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმები, რის გამოც მომხმარებელთა უფლებების დაცვა არასათანადოდ ხორციელდება.