თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საჩივარი და მას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. „ფორმულას“ განცხადებით, დავით კეზერაშვილის სახელზე საქართველოში არსებული ერთადერთი ქონება ტელევიზიის 51%-იანი წილია და სასამართლოს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა ოთარ სიჭინავამ, ლაშა თავართქილაძემ და გოჩა ჯეირანაშვილმა, კეზერაშვილთან ერთად მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებაში გაამართლეს. შესაბამისად, 5 060 000 ევროს გადახდა სრულად დავით კეზერაშვილს დაეკისრა.
„გვაქვს ყველა არგუმენტი იმისთვის, მტკიცედ გვჯეროდეს, რომ ამ თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთადერთი ფასეული ქონება, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, სწორედ ფორმულას 51%-იანი წილია. შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას.
ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს: საქმის მიმდინარეობისას ადვოკატებმა წარადგინეს წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბრალდება თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების თაობაზე შეთითხნილია და ნათლად მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მდგენელზე.
საზოგადოებას მოკლედ შევახსენებთ, რომ ზიანის ანაზღაურება დავით კეზერაშვილს დაეკისრა საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებას კი წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა საპარლამენტო ტრიბუნიდან - „მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს. ხაზგასასმელია ისიც, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც საქმის გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, უზენაეს სასამართლოში მას მოსამართლის ამპლუაში დახვდა“, - ნათქვამია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დავით კეზერაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს, თავდაცვის სამინისტროს შეუძლია ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის (საკონტროლო პაკეტის) გაყიდვა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
პროკურატურა დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას 2014 წლიდან ედავებოდა. საქმის მასალების მიხედვით, 2008 წელს, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან Girwood Business Corp-სთან ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 060 000 ევრო გადაურიცხა. პროკურატურა აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა. 2017 წელს, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა სამოქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ამ პერიოდში გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო. მალევე ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, სადაც კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე განიხილა და გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, ალექსანდრე ნინუას შემთხვევაში მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობაზე მიუთითა. კეზერაშვილისთვის მისჯილი სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა. უზენაესმა სასამართლომ განაჩენით ასევე დაადგინა, რომ კეზერაშვილის და ნინუას ქმედებით თავდაცვის სამინისტროს 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. 2021 წლის სექტემბერში, თავდაცვის სამინისტრომ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, კეზერაშვილისა და ნინუას წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო.