კრიტიკული მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლობის შესახებ კანონით აიკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე. ასევე, იკრძალება ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება. კანონის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას კომუნიკაციების კომისია მოახდენს.
ახლებურად დარეგულირდება პასუხის უფლება და მაუწყებლობის შესახებ კანონში გაჩნდება „დაინტერესებული პირის“ განმარტება. კერძოდ, დაინტერესებულ პირს, ვისი კანონიერი ინტერესებიც მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით შეილახება, უფლება ექნება, შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა. უცვლელი რჩება კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი კომისიაში ან სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს.
კანონპროექტის თანახმად, „სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება არ გამოიწვევს კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს“.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ოდიშარია და ქეთევან დუმბაძე. კანონპროექტი მათ 7 სექტემბერს დაარეგისტრირეს.
ერთ-ერთი ავტორის, ეკა სეფაშვილის თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს ასოცირებით შეთანხმებული ვალდებულებების, კერძოდ, აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ ევროკავშირის 2010 წლის დირექტივის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.
„ეს არის ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს ნაკისრი აქვს ასოცირების შეთანხმების 23-ე დანართის მიხედვით. გარდა ამისა კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ საქართველო არის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მონაწილე ქვეყანა და ამ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობისათვის და პროგრამის ქვემიმართულებებში მონაწილეობის გაფართოების მიზნით, საჭიროა, საქართველომ ამ ევრო დირექტივის ქვეყნის კანონმდებლობაში ასახვა მოახდინოს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ევროპასთან ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
პარტია „ლელოს“ წევრმა, იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპოექტში სიძულვილის ენის განმარტება გაფართოებულია და ამ სახის დეფინიციას საერთაშორისო სამართალი არ იცნობს. ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაზრდაზე და იკითხა, რამდენად სწორია, კომისიას მიენიჭოს გადაწყვეტილებების მყისიერად აღსრულების უფლება, მაშინ, როდესაც არსებობს „ძალიან დასაბუთებული წუხილები“ კომისიის ისედაც „არალეგიტიმურად, არასწორად, არასამართლიანად მკაცრი ხელის შესახებ“.
„მედიასაშუალება არ არის, მაგალითად, ქარხანა, რომელიც თუ მნიშვნელოვან დარღვევას ჩაიდენს, შესაძლოა, დაუყოვნებლივ დაევალოს ჯარიმის გადახდა. ადამიანის უფლებათა სასამართლოს თითქმის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ცოტათი მაინც ეხება გამოხატვის თავისუფლებას, საუბრობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ და სასამართლომ პირდაპირ არ დაუწესოს მედიასაშუალებას დახურვა, როგორც სანქცია, მაგრამ დაადოს მას იმხელა ფინანსური ჯარიმა, რომ ეს მისი გაჩერების ტოლფასი იყოს.
ამ რეგულაციებში პირდაპირ ამის საფრთხეს ვხედავ. აქამდე მედიაორგანიზაციას საშუალება ჰქონდა სასამართლოში გაესაჩივრებინა [კომისიის გადაწყვეტილება], ედავა და ახლა მას ეს გზა პრაქტიკულად ეკეტება. მაშინვე უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რაც არაერთ მედიასაშუალებას, ისედაც მძიმე ვითარებაში, დაუჯდება საქმიანობის მინიმუმ შეჩერებად, თუ არა დასრულებად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, „ევროდირექტივის სულისკვეთება არ არის ის, რომ ტელევიზიები ფინანსური სანქციების გამო დაიხუროს“.
„ცხადია, ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ევროკავშირთან ინტეგრაცია, იმ პასუხისმგებლობების კეთილსინდისიერად შესრულება, რაც მათ შორის, გააუმჯობესებს მოქალაქეების შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე. თუმცა, ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას, ან შევასრულოთ ევროკავშირის დირექტივები. ეს კანონპროექტი უფრო მეტად არის მედიის შინაარსობრივ რეგულირებაზე. შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ახალი იარაღი მედიის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ.
კომიტეტების სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება იყო, კანონპროექტი პირველ მოსმენაზე შინაარსობრივი რეგულირების [პასუხის უფლება, სიძულვილის ენა] მუხლების გარეშე გასულიყო და ამ საკითხზე შემდეგ ემსჯელათ. როგორც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა განმარტა, კანონპროექტის არსებული ვარიანტი გულისხმობს ყველა იმ საკითხის სახელმწიფოს მიერ დარეგულირებას, რაც ახლა მედიის თვითრეგულირების და კორეგულირების ნაწილია: „ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის დირექტივა შევასრულოთ, ამ ნაწილის მიღება დღეს, ასეთი ნაჩქარევი პროცესით საჭირო არ არის“.
კომუნიკაციების კომისიის წევრის ივანე მახარაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება მაუწყებლის დაჯარიმებაზე ავტომატურად ჩერდება, თუ მაუწყებელი სასამართლოს მიმართავს: „სასამართლო განიხილავს კონკრეტულ საქმეს. თუ ჩათვლის, რომ შეჩერების საფუძველი არსებობს, მაშინ შეიძლება შეჩერდეს. კომუნიკაციების კომისიის უკანასკნელი 100 გადაწყვეტილება რომ ავიღოთ, სასამართლომ მხოლოდ ორზე ჩათვალა საჭიროდ, რომ შეჩერების უფლებამოსილება გამოეყენებინა“.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება 30 სექტემბრამდე იგეგმება.